გია ცაგარეიშვილი: ეს ის ზურაბ აბაშიძეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელით სასიკვდილოდ იყო განწირული
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ვიცე-სპიკერის, ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება, რომლითაც უნდა დაკავდეს საპარლამენტო უმრავლესობა.
,,ისეთ თემებზე უწევს მმართველ კოალიაციას საუბარი თითქოს სხვა პრობლემები არ იყოს. შეხვდენ იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის წინ დგანან, უამრავი გამწარებელი ადამიანია, მათ გასცენ პასუხი, ვიდრე იმაზე იფიქრონ, როგორ ჩაანაცვლონ ზურაბ აბაშიძე. ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი. პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, ორი წლის თავზე ,,ქართული ოცნება" ცდილობს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლოს, ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლებას. ეს ის ზურაბ აბაშიძეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელით სასიკვდილოდ იყო განწირული და ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აქვთ აღძრული არც პროკურატურას და არც შსს-ს.
ვფიქრობ, ამაზე უნდა იზრუნოს დავით საგანელიძემ. ამაზე უნდა იზრუნონ ყოფილმა თანამებრძოლებმა და არა იმაზე, გუბაზ სანიკიძით ჩაანაცვლებენ ზურაბ აბაშიძეს თუ სხვა ვინმეთი "ფორუმიდან". გამკვირვებია "ფორუმი" რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას. გადაწყვიტონ კოლეგებმა, მათ ხელშია ბერკეტებიც. ჩვენთვის ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის" პარლამენტში თანამდებობას არავითარი ნიშვნელობა არ აქვს. არავინ არ არის ჩამოკიდებული ამ თანამდებობებზე. თუ ყოფილ კოლეგებს უმრავლესობიდან მოუცლიათ ამისთვის, მოიცალონ. გადადონ გვერდზე ათასი პრობლემა და დაკავდნენ ჩვენი გამოყრებით სამუშაო ოთახებიდან. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ჩვენ ახლა გვიკავია. მაგრამ კიდევ ერთ კითხვას ვსვამ, ნახევრად რიტორიკულს - ვის უნდა გადააყენებინონ ჩემი თავი? ყოფილ ,,ნაციონალებს", რომლებიც შეისრუტეს ,,ქართულ ოცნებაში" და გახადეს წევრებად? ამ ადამიანებს უნდა გადააყენებინონ ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი, ვიქტორ დოლიძე? მერე ვინმე იტყვის, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები" მხილებულები არიან იმაში , რომ ,,ნაციონალებთან" ხომ არ ,,ვასვასებენ" . ვინ ვისთან ,,ვასვასებს", ეს კარგად ჩანს", -განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.