ზურაბ აბაშიძე: საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძემ "რია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა.
"უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ეს ყველასთვის ცნობილია – ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და ბრიუსელისთვისაც. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ემოციური ფონის მოხსნა უნდა ვცადოთ. ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება ისედაც რთული ურთიერთობების კიდეც უფრო გასართულებლად არ ღირს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, რუსეთის შეშფოთება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია და აღნიშნული ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს.
"არანაირი ბაზა ამ მომენტისთვის არ არის, ეს არის საწვრთნელი ცენტრი, მოკრძალებული. ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს", - განაცხადა აბაშიძემ.