ბექა კუპრაშვილი: ვფიქრობ, პოლიტიკოსებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ მომავალ არჩევნებში ხალხის გული მოიგონ!

ბექა კუპრაშვილი: ვფიქრობ, პოლიტიკოსებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ მომავალ არჩევნებში ხალხის გული მოიგონ!

“ივერიონს“ ესაუბრება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია-კავშირის “ვეტერანები საზღვრებს გარეშე“ ვიცე-პრეზიდენტი ბექა კუპრაშვილი.

-ბატონო ბექა, ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს არ სწყალობს და ზოგიერთ მათგანს ყურის აწევითაც ემუქრება...

- მინდა მოგახსენოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარების პროცესში. ასე ხელაღებით ვერ ვიტყოდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით მთელ არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს-მეთქი,  თუმცა, როგორც რიგით ადამიანს, მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი ამა თუ იმ ორგანიზაციაზე ან საკითხზე და ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ.

რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, ის 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ძირითადი საქმიანობაა დაღუპულ ვეტერანთა ოჯახებისა და, ზოგადად, ვეტერანთა დახმარება. ძირითადად ვგულისხმობ  საკვები პროდუქტებით დახმარებას  და იურიდიულ კონსულტაციებს.

-საზოგადოებაში დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ ქართველ ვეტერანთა ღვაწლის დაუფასებლობაზე. რა მდგომარეობაა ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებში?

- ცივილიზებული ქვეყნები  ვეტერანებს პატივს კი არ მიაგებს მხოლოდ, არამედ უფრთხილდება! განსაკუთრებით მინდა გამოვყო  იტალია, ისრაელი, საფრანგეთი, აშშ, რა თქმა უნდა, გერმანია...

ამ ქვეყნებში ვეტერანებს და მათ ოჯახებს საკმაოდ სოდიდური პენსია აქვთ დანიშნული, ამასთან  ჯანდაცვის პაკეტითა  და  საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობებით სარგებლობენ.

საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდგომ თავდაცვის სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა  ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგალითად, დაღუპულთა ოჯახებს გაეზარდათ დახმარება, დარიგდა ბინები და ა.შ. თუმცა, ვფიქრომ, რომ ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.

- თქვენი აზრით, ეფექტურია თუ არა დღევანდელი ქართული ხელისუფლება და მის რომელ სახელმწიფოებრივ წარმატებასა და კრახს გაიხსენებთ?

-ვწუხვარ, რომ  ხელისუფლება, რომლის მოყვანაშიც საკმაოდ  დიდი როლო ვითამაშე, სუსტი გამოდგა. მოგახსენებთ რატომაც:

კოჰაბიტაციამ  საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აგრესია და იმედგაცრუება გამოიწვია. იმის ნაცვლად, რომ წინა რეჟიმი გამოცხადებულიყო დამნაშავედ და დასჯილიყვნენ დამნაშავეები, კოჰაბიტაციის სახით შემოირიგეს და კიდე უფრო მეტი გულშიც ჩაიკრეს- გავიხსენებდი  მაჟორიტარი „ნაციონალების“ ფრთის უმრავლესობაში გაერთიანებას.

ნეპოტიზმი ზუსტად ის არის, რაც ქვეყნას აქცევს და უფსკრულისკენ მიაქანებს. ადამიანები სახელმწიფო სამსახურში ირჩევა ძმაკაცობის, ბიძაშვილობის, კარის მეზობლობის   და არა მისი გამოცდილების, პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით!

პრობლემა ამ ხელისუფლების კიდევ დიდხანს გაგრძელდება,  თუ სახელმწიფო სამსახურებში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანერგილი და ამ ხელისუფლების მიერ დაწინაურებული „ნაციონალები“ დარჩებიან თანამდებობებზე...

წარმატებულ ნაბიჯად მიმაჩნია  სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის წიგნების უფასოდ  დარიგება და სტუდენტთა  სასწავლო დაფინანსება.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ  უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა.  რა ხდება ამ მიმართულებით,  მე არ ვიცი, სამწუხაროდ. ხომ შეიძლება, რომ, ყოველ თვე თუ არა,  წელიწადში ერთხელ გამოვიდეს მინისტრი და გვითხრას, რა კეთდება ამ ხალხის შემოსარიგებლად?!

რაზეც განსაკუთრებით ვფიქრობდი და მივიჩნევდი, რომ  წარმატებული იქნებოდა - ეს ეკონომიკური გუნდი  იყო, თუმცა ამაშიც მწარედ შევცდი.  სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები საზიანოა. აღარაფერს ვამბობ ლარზე, რომელსაც რაკეტით თუ დავეწევით!

ამ რამდენიმე ხნის წინ ბატონი პრემიერი ბრძანებდა,  თუ როგორ დაეცა ვალუტის კურსი რუსეთსა და უკრაინაშიც.  სამწუხაროდ,  ხელისუფლების და მისი პირველი პირის ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა არასახარბიელო მდგომარეობაშია საგარეო, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით და ომში მყოფ უკრაინას და რუსეთს გვადარებს, ვისაც ნახევარმა მსოფლიომ სანქციები დაუწესა.

ბატონო პრემიერო,  არასდროს საკუთარი ქვეყანა არ შეადაროთ  უფსკრულისკენ  მიმავალს. ქვეყნის წარმატება და პროგრესი თუ გინდათ,  წინ იყურეთ  და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს გაუწიეთ კონკურენცია. ეს ქვეყნის წარმატების საწინდარია!

რაც შეეხება, ხელფასის გარდა,  დანამატს, პრემიას  და ზეანაზღაურებას: პარლამენტში  ათი მილიონერი რომ გვიზის (სია სოცქსელებით გავრცელებულია და ვიცით),  არ სჯობდა ეს ხალხი ბიზნესით დაკავებულიყო და ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეექმნათ?!


-თქვენი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით რომელი პარტია გაიმარჯვებს?

-ვფიქრობ,  პარტიებს და მათ ლიდერებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ უკვე ბევრჯერ იმედგაცრუებული ჩვენი მოქალაქეების გული მოიგონ!

                                         ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: