დავით ზალკალიანი: ჟენევის ფორმატის გაუქმება რუსული გეგმის ნაწილია
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი შემაშფოთებელს უწოდებს ზურაბ აბაშიძის განცხადებას, სადაც საუბარია, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან დიალოგი რუსეთის მონაწილეობით უნდა მოხდეს.
"ვფიქრობ, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი. აშკარაა და მკაფიოდ ჩანს რუსული გეგმის ნაწილი, რომ მოხდეს ჟენევის ფორმატის დანგრევა. ფაქტიურად ჟენევის მეროე სამუშაო ჯგუფი აზრს კარგავს, რადგან ჰუმანიტარულ საკითხებზე და სხვა მსგავს ურთიერთობებზეა ამ ფორმატში საუბრები. თუ ამას გამოვაცლით ჟენევის ფორმატი ინგრევა, საუბარია ახალ ფორმატებზე, რომელიც შემაშფოთებელი ტენდენციაა და ვფიქრობ, ამაზე პოზიცია უნდა დააფიქსიროს საგარეო უწყებამ", - განაცხადა ზალკალიანმა.
ზურაბ აბაშიძე, "რია ნოვისტისთან" მიცემულ ინტერვიუში აცხდებს, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.
"თუკი დიალოგი დაიწყება და რუსეთი ამ საკითხს ხელს შეუწყობს, მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ, დისკუსია კი, ისეთ კონკრეტულ საკითხებზე გავმართოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და განათლების საკითხები. მოდით, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან წითელი ხაზი და ადამიანური პრობლემები" - განაცხადა აბაშიძემ.