დავით ებრალიძე: შეღავათი მას, ვისაც ის უფრო სჭირდება!
"რადგან ახალი ხელისუფლების დაპირებები სოციალური კუთხით იყო, გამოიძებნა სახსრები, რითაც დაფინანსდება სოციალური პროექტები და ერთ მუხლად ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი 750 მილიონს შეადგენს და პარლამენტის გადაწყვეტილებით, სათანადოდ გადანაწილდება", _ აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტი ადრე ბევრ არაეფექტურ პროექტზე იხარჯებოდა, რაც არაადეკვატური იყო ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე.
"ბიუჯეტი ჯერ დასრულებული სახით არაა, თუმცა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, გაურკვეველი არაფერი იქნება. ჩვენ ბიუჯეტს დავურთეთ დამატებითი ბარათი, სადაც ე.წ. "სხვა ხარჯები" იქნება გაწერილი და არავისთვის იქნება დამალული", _ აღნიშნა ებრალიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შემოსავალზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით უკეთესი წინადადება აქვთ.
"ადრე ხელისუფლება ხალხს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირებას ჰპირდებოდა. ეს 2% შეღავათს მხოლოდ მაღალშემოსავლიან ხალხს მისცემდა. ჩვენ ვამბობთ, რომ გავაკეთებთ დაუბეგრავ მინიმუმს, ანუ შეღავათი ექნება მას, ვისაც უფრო სჭირდება. ვისი ხელფასიც 500 ლარზე ნაკლები იქნება, მაქსიმალურ შეღავათს მიიღებენ", _ განმარტავს ებრალიძე.