როგორ დავამარცხოთ უმუშევრობა და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამისათვის?!
კოალიცია „ერთსულოვნება“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შრომის ბაზარი დღეს საქართველოში, ვერ უზრუნველყოფს დასაქმების სფეროში სამართლიანობის პრინციპების დაცვას და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების თანაბარი პირობები არ არის.
საქართველოში შრომის ბაზრის ინფრასტუქტურა განუვითარებელია. არ არსებობს დასაქმების სახელმწიფო რეგულირების საკმარისი საკანონმდებლო ბაზა. არ ხორციელდება უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები; არ ფუნქციონირებს დასაქმების სახელმწიფო სამსახური; არ არის განვითარებული პროფესიული სწავლებისა და ზრდასრულთა პროფესიული მომზადება/გადამზადების როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სისტემა; განუვითარებელია პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვის სისტემა; არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სხვა სოციალური რისკების მქონე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმები.
აღნიშნული ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნეს-აქტიურობას, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებას.
დარღვეულია „ევროპის სოციალური ქარტიისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის ძირითადი პრინციპები, რაც ითვალისწინებს დასაქმების უფასო სამსახურების შექმნისა და ორგანიზების ვალდებულებას, რაც დღემდე შეუსრულებელია.
ყოველივე აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს დასაქმების ბაზრის ფუნქციონირებაზე და აისახება უმუშევრობის განმაპირობებელ ძირითად მიზეზებში.
ერთი სიტყვით, საქართველოში სამუშაო ადგილის მოძიება და დასაქმება ძალიან გართულდა, ხოლო დასაქმებიდან მიღებული შემოსავლები ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენისათვის.
დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა, შრომის ანაზღაურების დაბალი დონე და შრომის უსამართლო პირობები უბიძგებს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს, _ დატოვონ სამშობლო და არსებობის წყარო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებონ. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი განსაკუთრებულ და წარმოუდგენელ მდგომარეობამდე და ნაბიჯებამდეც მიდის.
შრომის ბაზრის განუვითარებლობა სერიოზულად აფერხებს ქვეყნის წინსვლას და უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წარმოშობს.
ამიტომ ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობის აღმოფხვრის მიზნით, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს მზრუნველობითი თერაპია საკუთარი მოსახლეობის მიმართ და მყისიერად შეასრულოს ქვეყანაში საყოველთაო დასაქმებისა და მოსახლეობის სიდუხჭირის აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის შემუშავებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და თეზისები.
საზოგადოებრივმა კოლეგიამ შეიმუშაავა 15 პუნქტიანი ძირითადი თეზისები, რისი დაუყოვნებლივ განხორციელების მოთხოვნით მივმართავთ ხელისუფლებას. ასევე ვითხოვთ მათთან შეხვედრას და დასტურად მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ საყოველთაო სახალხო ხელმოწერებს.
მაშ ასე, მოვითხოვთ:
- მოსახლეობის მდგომარეობაზე ორიენტირებით შემუშავდეს და განხორციელდეს ახალი საბანკო და საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც განხორციელდება როგორც კერძო, ასევე სამეწარმეო სექტორში;
- მაქსიმალურად გამარტივდეს საგადასახადო კოდექსი და შემცირდეს გადასახადები;
- საინვესტიციო ფონდისა თუ სახელმწიფო ბიუჯეტით დოტირებული ფონდების მეშვეობით განხორციელდეს ახალი ეროვნული საგრანტო პოლიტიკა, რომელსაც გააკონტროლებს საზოგადოებრივი კომისია;
- დაუყოვნებლივ გადაიხედოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვებიდან ამოღებულ იქნას ფუფუნების საგნები, ხოლო შესყიდვების პროცესში დაზოგილი თანხები მოხმარდეს დამატებითი სოციალური პროექტების განსახორციელებლად. ასევე შესყიდული ზედმეტი ა/მანქანები და ფუფუნების საგნები გატანილი უნდა იქნას საჯარო აუქციონებზე სარეალიზაციოდ, რომელთა ამონაგებიც მოხმარდება სოციალურ პროექტებს;
- 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გამოცხადდეს ამნისტია ფინანსურ და ეკონომიკურ დარღვევებზე;
- გაფორმდეს მემორანდუმები ყველა შესაძლო ბაზრების ასათვისებლად და უნდა გათანაბრდეს პირობები იმ ქვეყნებში ექსპორტის განხორციელებისთვის;
- განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის სახელმწიფო ინვენტარიზაცია და მიწა დაუმტკიცდეს გლეხს სამუდამო საკუთრებაში;
- შეიქმნას მრავალშვილიანი და მითუფრო ასეთი უმუშევარი ოჯახების სოციალური დახმარების სახელმწიფო პოლიტიკა. ასევე უნდა მოხდეს მათი დოტაცია ყოველთვიურად. ასევე მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს უნდა დაენიშნოთ ხელფასი და ჩაითვალონ ისინი სახელმწიფო მოხელეებად.
- განხორციელდეს ყველა იმ უმუშევარის ფინანსური დახმარება 3-5 თვის განმავლობაში, ვინც ამ პერიოდში შემდგომი დასაქმების მიზნით, წარმოადგენს ცნობებს პროფესიის შესწავლისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლის შესახებ;
- გამოცხადდეს მანიფესტი და ყველა ნასამართლევი და პრობაციონერი განთავისუფლდეს მასზედ დაკისრებული სამართლებრივი და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი ტვირთისგან;
- შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ვეტერანების სოციალური დოტაციები და დახმარებები გაუთანაბრდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საშუალო დონეს;
- მაღალი შემოსავლების მქონე პირებზე დაწესდეს დიფერენცირებული საშემოსავლო გადასახადი და ნამეტი სხვაობა გამოყენებულ იქნას სოციალური პროექტების განსახორციელებლად;
- აღდგეს ალტერნატიული აუდიტის ფუნქცია და მიეცეს საქართველოში სულ ცოტა 1000 რეგისტრირებულ ალტერნატიულ აუდიტს განახორციელოს საგადასახადო შემოწმებები, რითაც ბიუჯეტის შევსებას შეეწყობა ხელი;
- განხორციელდეს სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ინვენტარიზაცია და მოხდეს ყველა მათგანის რეინვესტირება დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
- განხორციელდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტების უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსება, რომელთა აკადემიურობა განსაკუთრებულად გამოირჩევა და რომელთა ოჯახების უსახსრობის შედეგად საფასურის გადაუხდელობის გამო, მათ შესაძლებლობა არ ეძლევათ განაგრძონ სწავლა. ასევე ყველა პროფესიული სასწავლებლების მიმართ უნდა მოხდეს ახალი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება!
კოალიცია „ერთსულოვნების“ საზოგადოებრივი კოლეგია