4 მილიონი ლარი მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად

4 მილიონი ლარი მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად

ამ სათაურით ავრცელებს სტატიას ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეტი“, სადაც ნათქვამია, რომ სსიპ "სრულიად საქართველოს მუსლიმთა  სამმართველოსთვის" სარგებლობაში გადასაცემი  ქონების შეძენის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონი ლარი გამოეყო. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა.

 

აჭარის მთავრობას ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონ ლარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადმოურიცხავს.  აჭარის მთავრობა კი მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობაში გადასაცემად შეიძენს ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობებს.

 

ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობის შესყიდვაზე ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ ერთი თვის წინ გაავრცელა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კი განაცხადა, რომ მედრესეს განთავსება ანგისის დასახლებაში, ყოფილი იტალიური სკოლის შენობაში იყო დაგეგმილი, რომელიც სამუფთოს საკუთრებაში გადაეცემოდა.

 

ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში არსებული უძრავი ქონება ჯერჯერობით ორი მოქალაქის კერძო საკუთრებაშია. აღნიშნულ მისამართებზე მთლიანობაში განთავსებულია 3659 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი და 3054,3 კვ/მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობები.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი. 

4.10. 2014- ბაირამზე მლოცველები ბათუმის მეჩეთთან მდებარე ქუჩაში ლოცულობენ 

წყარო: netgazeti.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: