ევროკავშირი კვლავაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია

ევროკავშირი კვლავაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუისთან დასრულდა.


ჰერმან ვან რომპუი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ მთავრობასთან ეფექტურ თანამშრომლობას გააგრძელებს.

"მივესალმები იმას, თუ როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ასევე ევროკავშირის ძლიერ სურვილს ეფექტურად და ინტენსიურად იმუშაოს როგორც პრეზიდენტთან, ისე ახალ მთავრობასთან, იმ საკითხებზე, რომლებიც დღის წესრიგში მრავლადაა. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი განაგრძობს მთავრობასთან ეფექტურ მუშაობას, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ იმ ღირებულ როლს, რომლის შესრულებაც საქართველოს ძლიერ საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია", - განაცხადა ჰერმან ვან რომპუიმ და დასძინა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით,  მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს.

"უნდა დავასრულოთ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის შესახებ. ასევე მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ პროგრესის შესახებ ვიზების გამარტივების დიალოგის პროცესში. მე ასევე აღვნიშნე მნიშვნელობა, რასაც ევროკავშირი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას ანიჭებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: