სოსო ცინცაძე: დღესაც სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე ვდგავართ!

სოსო ცინცაძე: დღესაც სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე ვდგავართ!

აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს „ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

-“ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 21 მარტს რუსთაველზე საპროტესტო აქციას გეგმავს. ისინი მთავრობას უმოქმედობასა და ლარის გაუფასურებაში ადანაშაულებენ, რამაც ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა უფრო გააღატაკა. “ნაციონალები“ იმუქრებიან, რომ მომავალ არჩევნებს არ დაელოდებიან. თქვენი აზრით, რა ვითარებაა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში და რეალურია თუ არა მათი მუქარა?

-დღევანდელი მთავრობა რომ სუსტი და არასრულფასოვანია, მართალია, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო 10 წლის განმავლობაში ყველაფერს რომ აკეთებდა ოპოზიციის დასასუსტებლად? სამწუხაროა, რომ ეს მთავრობაც ყველაფერს აკეთებს, მემკვიდრეობით ძლიერი ოპოზიცია რომ არ დატოვოს.

დღევანდელი მთავრობის მიმართ დიდი უკმაყოფილებაა, მაგრამ ქუჩის აქციები ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. აი, ქამრების მოჭერის პოლიტიკას ვატარებო, რომ ამბობს მთავრობა და მერე მერიის კორუმპირებული მაღალჩინოსნისთვის 2-მილიონიან ახალ სამსახურს ქმნის, ვერც ამ პრობლემას მოვერევით ქუჩის აქციით. გადავაყენებთ ერთს  და მოვა მსგავსი, ამით რა შეიცვლება? “ნაციონალური მოძრაობა“ ჭკვიანური მოძრაობა მაშინ იქნებოდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  რომ მოეთხოვა, თორემ ქუჩის აქციები 90-იან წლებში დაგვაბრუნებს, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით-დღესაც სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე ვდგავართ!..

ჩემი აზრით, „ნაციონალებს“ ოლანდის განცხადების გადაფარვა სურთ ამ აქციით. როგორც ვხვდებით, ნატო ჩვენთვის დაიხურა, ნატო ზღაპარია!  დახურული ადრეც იყო, მაგრამ ახლა უფრო დავიჯერებთ ამას. სასაცილოა, ჩვენში ევროპულ ინსტიტუტებზე საუბრობენ, მაგრამ ხალხმა ქუჩაზე გადასვლა ვერ ისწავლა ჯერაც!

-თქვენი აზრით, არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მზად აღკვეთოს ყოველგვარი რეციდივი, რომელიც საზოგადოებაში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შეიტანს?

-აქ ორიენტირი კონსტიტუციაა. ვინც მას გადასცდება, დამნაშავეა და მამაღმერთიც ვერ უშველის. კანონდარღვევა პოლიციამ უნდა აკრძალოს. ბოლოს და ბოლოს, რაში ვუხდით ფულს პოლიციასა და უშიშროებას?

- მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაშვებული არაერთი შეცდომისა, შეძლებენ თუ არა “ნაციონალები“ ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას?

-„ნაციონალებს“ მხარდამჭერები მართლაც ჰყავთ, ბოლოს და ბოლოს, 20%-ზე მეტი  აიღეს ორ არჩევანში. რატომ გიკვირთ, რომ მათ მომხრები მრავლად ჰყავთ, როცა საქართელოში დღემდე არიან ე.წ. ზვიადისტები და შევარდნაძისტები?

- მეორე წელია საუბრობენ ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. კულუარებში კი “პატრიოტული ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის “ქართულ ოცნებასთან“ გაერთიანებას და ხელისუფლებასთან მათ სატელიტობას უსვამს  ხაზს...

-“პატრიოტულ ალიანსს“ არ ვიცნობ, მაგრამ ბურჯანაძე სატელიტი რომ არაა, ზუსტად ვიცი. მის პოზიციას 100%-ით ვუჭერ მხარს.

ევროპა რომ კარგია, ვიცი, მაგრამ ევროკავშირში ჩვენ 20-30 წელი არ მიგვიღებენ. ზურაბ აბაშიძეს არ ეყო გამბედაობა ეთქვა, რომ დღეს და ხვალ კი არა, ზეგ და მაზეგაც არ მიგვიღებენ ნატოსა და ევროკავშირშიო. ევროპული ფასეულობების დამკვიდრება ჩვენ მათ გარეშეც შეგვიძლია, რა გვიშლის ხელს? სამხრეთ კორეა და იაპონია არცერთის წევრი არაა, მაგრამ იქ ყვავის ეს ფასეულობები. იცით რა არის ევროპული ფასეულობა? აი, ხალხის დაქირავებულმა ჩინოვნიკმა იცის, რომ დროებითია და არ ცდილობს პოსტზე 30 წლით დარჩენას. რად უნდა ამას დეკლარაცია და ხელმოწერა? ისიც კარგად გვესმის, რომ რუსეთისგან ევროპა ვერ დაგვიცავს. ვინ იცნობს რუსეთს ჩემზე კარგად, მაგრამ როგორიცაა, ისეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა -პუტინის ველურ-ბარბაროსულ-კორუმპირებულ-აგრესიულ რუსეთთან! ამის მოგვარებას ცდილობს ბურჯანაძე და ეს სატელიტობაა? ჩვენ ბურჯანაზე კი არ უნდა გვიყვარდეს, მისი პოლიტიკური კურსი უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს. გამოთაყვანებულ რუსეთს სტალინი უყვარდა, ახლა პუტინი უყვარს, საქართელოს საპარლამენტო უმრავლესობას გენიოსი ბიძინა უყვარს, რაც თვითონ მას არ უნდა მოსწონდეს!

- ბიძინა ივანიშვილი ლარის გაუფასურებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს აბრალებს. თქვენი აზრით, ეს ასეა თუ ივანიშვილი მთავრობისათვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს?

-ყველა მკვდარ კატას ქადაგიძეს ნუ ჩამოკიდებს კისერზე. ის, უბრალოდ, ერთ-ერთი დამნაშავეა. ივანიშვილის განცხადებაში სხვა რამ უფრო იყო დამთრგუნველი- რომ მისი მინისტრების მსგავსი კარგი და ძალიან კარგი მინისტრები კაცობრიობას არ უნახავს. არადა ყველა-მინისტრებიც და პრემიერიც რუპორები და ტრუბადურები არიან. ჯერ გაიძახდნენ, საგარეო ფაქტორია დამნაშავე ლარის გაუფასურებაში და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კარგად ვთანამშრომლობთო, ახლა, ბიძინას განცხადების შემდეგ, უცებ სებ-ი გახდა მთავარი ბრალდებული?!

-რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობა ვის აძლევდა ხელს - რუსეთს თუ  აშშ-ს?

- ნემცოვი პუტინის პოლიტიკის მსხვერპლია. ოპოზიციონერს ყოველდღე რომ დაუძახებ  აშშ-ს აგენტს და ხალხის მტერს, ეს საზოგადოებაში მის მიმართ სიძულვილს იწვევს. სხვათა შორის,  ჩვენი პრემიერი მუდამ იმას გაიძახის, რომ ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს, არადა ამ  ოპოზიციას ხალხმა მისცა ხმა და ვინ მისცა მას უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს იგი? ასეთმა სიძულვილმა მოკლა ნემცოვი, თორემ ობამას მეტი საქმე არ ჰქონდა, ეს მკვლელობა შეეკვეთა!...

       
                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: