რატომ დაიბარა პრემიერმა რეგიონების გუბერნატორები?
რამდენიმე საათის განმავლობაში საგანგებო თათბირი მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრი ანგარიშით რეგიონში შესრულებული სამუშაოების შესახებ გამგებლებს ელოდება. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების გუბერნატორები დაიბარა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც ესწრებოდა.
გუბერნატორებთან შეხვედრაზე დაზუსტდა პრემიერისა და გამგებლების მოსალოდნელი შეხვედრის თარიღი. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი "კურიერთან" აცხადებს, სავარაუდოდ ასეთი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება და ამ შეხვედრაზე გუბერნატორებიც იქნებიან წარმოდგენილები.
შეხვედრიდან გამოსული რწმუნებულები ამბობენ, რომ შეხვედრა იყო სამუშაო ხასიათის და მხარეებმა რეგიონებში მიმდინარე პროექტებზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, თუმცა გუბერნატორები ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებებზე საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა.