ვის დაპატიმრებას ითხოვს რეზო ამაშუკელი?
21 მარტს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და არ ვარ ისეთი ოპტიმისტი, რომელიც ამბობს, რომ არაფერიც არ მოხდება.
სიმართლეს ბავშვები და პოეტები ამბობენო, მით უმეტესს, როცა ეს პოეტი რეზო ამაშუკელია, რომელიც ამ სიმართლესთან თითქმის მარტოა დარჩენილი. რა დოკუმენტი ჩაუვარდა მას ხელში და რატომ სძულთ ნაციონალების დღევანდელ "რაიხსფიურერებს" ციხეში მყოფი თანამოძმეები? "ქრონიკა" ესაუბრება რეზო ამაშუკელს.
- სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო. თუმცა ჩემს ამ განცხადებას მხოლოდ ერთი ადრესატი არ ჰყავს და ამიტომ ყველას მივმართავ: სანამ ისინი ჩემი მისამართით რაიმეს იტყოდნენ, ვურჩევ, ყველა კარგად დაფიქრდეს და გაიაზროს, რა შეიძლება მოჰყვეს მათ აბსურდულ განწყობებს ჩემ მიმართ. ყველას გასაგებად ვამბობ: მე არ ვარ ის "ძიშოვკა", და ეს სიტყვა ასევე ჩამიწერეთ, რომელმაც მხოლოდ ერთი დღით მეგობრობა იცის და არც ამინდის მიხედვით ვმეგობრობ ვინმესთან და ამას გამგები გაიგებს.
- შაბათს 21 მარტი მოგვიკაკუნებს, ამ დღეს ბევრი ადამიანი შიშნარევი მოლოდინით უყურებს.
_ ეგ შიშნარევი მოლოდინი იმითაა გამოწვეული, რომ იმ ხალხმა კარგად იცის, რომ "ნაციონალები" ყველაფერზე წამსვლელები არიან, თავისიანის გაწირვაც შეუძლიათ და სხვისიც. ეგენი, ზოგადად, ერთიანობით გამოირჩევიან და ყველაზე დიდი ერთობა კი არის მაშინ, როცა ამ ადამიანებს დიდი დანაშაული აერთიანებთ! ეს ის ჯაჭვია, რომლის გაწყვეტაც არ შეუძლიათ, რადგანაც მეტ-ნაკლებობით ყველაა ამ დიდი დანაშაულის მონაწილე. ამიტომაა სწორედ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ასეთი დისციპლინა და ერთმანეთის გვერდში დგომა აქვთ, ვიმეორებ, ეს განპირობებულია იმით, რომ მათ საერთო სისტემური დანაშაული აქვთ ჩადენილი.
- ტაკ, ჩტო, ტამ სლაბაე ზვინო ნი ბივაეტ?
- ნეტ! იქ ყველა მაგრად უნდა იდგეს. მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ ამ ერთიანობაში მოხდა ისე, რომ ჩაწყდა რამდენიმე რგოლი და ეს რგოლებია უგულავა, მერაბიშვილი და ახალაია და ნახეთ, როგორ დალაგდა? დანარჩენებმა იმათზე უკვე უარი თქვეს და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ მე, რეზო ამაშუკელს ისე არ მძულს სააკაშვილი, როგორც ამათ დღევანდელ "რაიხსფიურერებს", რადგანაც დღეს ყველა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. რაც შეეხება 21 მარტს, ვფიქრობ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და არ ვარ ისეთი ოპტიმისტი, რომელიც ამბობს, რომ არაფერიც არ მოხდება!
- მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მართლაც არაფერი მოხდეს?
- ეს იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გაიაზრებს და მიხვდება, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ასევე არაფერი მოხდება, თუ ხელისუფლება იზრუნებს და აარიდებს საქართველოს იმ სამოქალაქო ომს, რომელიც ადამიანებში უკვე დაწყებულია და, რასაც ხელს უწყობენ ტელევიზიები, რომლებიც ცეცხლზე ნავთს ასხამენ და პირდაპირ აღვივებენ ამ შუღლს. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ დღევანდელი ჩემი ინტერვიუ იქნება შედარებით მოკლე, რადგანაც მე ის კაცი არ ვარ, რომელიც ყოველ წამს გაზეთებში უნდა ვიყო თავგამოყოფილი. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმით არის განპირობებული, რომ მინდა, ვაჩვენო საზოგადოებას, როგორი ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს "ნაციონალური მოძრაობა", როგორი ფლიდები და გარყვნილები არიან. მაგრამ სანამ მთავარს შევეხებოდე, მანამდე უნდა ვთქვა, ამ დღეებში ხომ ნახეთ, როგორ დაესხნენ თავს ზურაბ აბაშიძეს, რომელმაც, პრინციპში, თქვა სიმართლე? თავად აბაშიძეს ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება, მაგრამ მე ჩემს პოზიციას ვიცავ ამ წუთში, და არ გაინტერესებთ, რა თქვა ასეთი აბაშიძემ? ის, რასაც ამბობს ობამა, ნორლანდი, ნულანდი და მთლიანად დასავლეთი, რომ ხალხი არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში და რომ აი, ბატონო, "ნატოს" კარი ღიაა და მობრძანდითო, ასე არ არისო. ამ დროს მას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთი ჯოხის აქნევით ყველა დაირაზმა და ეს ტუტუცი და მაიმუნი ბრბო თავს დაესხა. ეს ბრბო კი ვინაა? იმ სისტემური დანაშაულის შლეიფი, რაზეც ამდენი ხანია, ვლაპარაკობთ და, რომელსაც უკან დაბრუნება უნდა ყველაფრის ფასად... ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, რომ ძალოვნებიდან საჭიროა იმ ძველი ზონდერების გაყრა, ვისაც ხალხი ჰყავს ნაწამები, მაგრამ რატომ არაფერს ვამბობთ იმ ჟურნალისტებზე, რომლებმაც გააცოცხლეს და გაათეთრდეს ნაციონალები? რა, ისინი არ არიან დასასჯელები? აი, ამ ფონზე მინდა, ის სკანდალური დოკუმენტი კიდევ ერთხელ გავაცნოთ ხალხს, რაზეც თავის დროზე ამბავი ატყდა და შეიძლება ზოგ-ზოგიერთებს დაავიწყდა უკვე! მაშინ, როცა 2008 წლის ომი ჯერ მონელებული არ გვაქვს, არ გაინტერესებთ, საქართველოს კულტურის მაშინდელი მინისტრი ვაშაძე რას წერს რუსებს? ეს პოლიტიკური არლეკინი, ეს ნინო ანანიაშვილზე გათხოვილი "ტარაკან პრუსაკ"-ი, ულვაშიანი გრიგოლ ვაშაძე, ეს ხომ კაცი არ არის? აი, როგორ მიმართავს რუსეთის კულტურის მინისტრ ავდეევს და წერილი კი თარიღდება 2008 წლის 27 ნოემბრით: "ძვირფასო ალექსანდრ ალექსეევიჩ! პატივი მაქვს, მოგმართოთ ისეთი იდეით, რომელზეც ვფიქრობ, დაგვეთანხმებით, რადგანაც ჩვენი, როგორც ორი ქვეყნის კულტურის მინისტრების უპირველესი მოვალეობაა, ხელი შევუწყოთ ჩვენს მეგობრულ ქვეყნებს შორის კულტურული ტრადიციების გაღრმავებას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ რთულ პერიოდში, როცა რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ტრაგიკული დრო დაუდგა და ამიტომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რუსეთსაქართველოს შორის კულტურული ხიდის აღსადგენად. ჩვენი წინადადება კი გულისხმობს შემდეგს: გვსურს, რომ 2009 წლის გაზაფხულზე მოსკოვში დაიგეგმოს რამდენიმე ქართული შემოქმედებითი კოლექტივის გასტროლი, ასევე სამხატვრო გამოფენა. კონკრეტულად: საუბარია საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის, ასევე რომელიმე ქართული ნაციონალური სახელმწიფო თეატრების ("რუსთაველის", ან "მარჯანიშვილის") და ცეკვისა და სიმღერის ნაციონალური ანსამბლის გასტროლზე. ამ მიზნით გვსურს, იჯარით ავიღოთ მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის აკადემიური მუსიკალური თეატრი და, ასევე, სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზიც. ხოლო სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენისთვის განზრახული გვაქვს პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის 2 კვირით დაქირავება. საქართველოს მხარე მზადაა, მთელი მოსალოდნელი ხარჯი მთლიანად მან დაფაროს და ცხადია, დიდად მოხარული ვიქნები თქვენგან რაიმე კომენტარისა.
პატივისცემით საქართველოს კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე".
გაგახსენდათ, რას წერს? თუმცა, რა გინდა, კაცი ამბობს, ფული - ჩვენი, საკლავი ჩვენი, უკანალი ჩვენი, ოღონდ მიგვიღეთო... (ხმას უწევს) და როდის ამბობს, როდის? როცა ჯერ ჩვენი პატარა ბიჭები წესიერად დამარხულები არ გვყავს? გაციებული რომ არ გვყავს? მერედა, რა დროა შერჩეული ამისთვის? ომიდან სამი თვის შემდეგ? მე მეგობრულ ურთიერთობას კი არ ვაპროტესტებ, ჭკვიანი ყოველთვის ასე მოიქცეოდა, რადგანაც აქეთ პირდაღებული თურქეთია, რომელსაც ნახევარი საქართველო ჰყავს გადაყლაპული და დღესაც პირდაფჩენილი შემოგვყურებს, ნამდვილად საჭიროა ურთიერთობა რუსეთთან, რადგანაც გარდაუვალია ომი, გარდაუვალი! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! უკრაინაში ასე იოლად ეს ამბავი არ დამთავრდება და, თუ დიდი ომი დაიწყო, ჩვენი საქმეც არ იქნება კარგად და ვინმე დაფიქრებულა, რუსეთის დაშლა ჩვენ რას მოგვიტანს? და ეს ვის უნდა? მხოლოდ საქართველოს მტერს! ამერიკელები დღესაც აგურს ირტყამენ თავში, საბჭოთა კავშირი რომ დაშალეს, რადგანაც ვერ გაითვალისწინეს ბევრი რამ. რაც შეეხება ამ წერილს, ეს ხომ არის ამაზრზენი და გულის ამრევი ფარისევლობა, როცა გამოდიხარ დორბლიანი და შხამს ანთხევ რუსეთზე და თურმე ზურგს უკან ასეთ წერილებს წერ? ეს კიდევ ერთხელ წაიკითხოს ყველამ, ვინც სააკაშვილს დღეს ტაშს უკრავს და ნახოს, როგორი ორმაგი სტანდარტები აქვთ მაგათ, აქ პუშკინის ძეგლის მონგრევა რომ უნდოდათ, რუსებს კი ასეთ წერილებს წერდნენ და იმ ბავშვებს საფლავებში გაცივებას არ აცლიდნენ... და მაშინ, აგვისტოს ომის დროს პატრიარქი რომ არ ყოფილიყო, კიდევ რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის.
_ 21 მარტი ვახსენეთ, უკრაინაც და რა გახდა ერთი ნოტას გაგზავნა უკრაინისთვის ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ან შსს-დან, როცა წითელი ცირკულარით ძებნილი და დასაჭერი ადეიშვილი უზით კიევში?
- მე ადრეც მითქვამს, რომ ამას ყველაფერს ხომ სულ სხვა ქვეყანა დირიჟორობს? ამას ხომ ქართული სახელმწიფო ვერ უვლის? როგორ შეიძლება, თავმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდეს უკრაინაში მაშინ, როცა ეს სისხლისმსმელები იქ არიან ამხელა თანამდებობებზე? ამიხსნას ვინმემ, ეს რანაირად ხდება?
- მარგველაშვილს გულისხმობთ?
- დიახ და კი ვამბობ, ამიხსნას ვინმემმეთქი, მაგრამ ყველაფერი ისედაც გასაგებია: გროვდებიან ერთადერთი თესლიდან გაკეთებულები და აი, ესაა!
- კი, ბატონო, მაგრამ რა მოხდება, რომ ამაზე უკმაყოფილება გამოხატოს ჩვენმა სახელმწიფომ?
- სწორედ ამაზეა ლაპარაკი! ხმის წართმევამდე, ხმის ჩახლეჩამდე რომ ვყვირი ყველგან, დაიჭირეთ, დაპატიმრეთ ბოკერია და თარგამაძე, გარეთ და შიგნით ქვეყანას რომ ურევენ... ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს? გაიგოს ყველამ, რომ (ხმამაღლა) ძალიან გვიან იქნება მერე! ეს ქვეყანა დაიღუპება, თუ პრევენცია არ მოხდა და ეს ორი პირი არ დააპატიმრეს! როცა საბოლოოდ ვიღუპებით, არ არის დრო, რომ მორჩეს ეს გარედან კარნახი? ხომ წაბილწეს სულიერად მთელი ქვეყანა? და ამაზე რატომ არავინ ფიქრობს? ჩემში ძალიან ბევრი რამ დაგროვდა და მალე შეიძლება, ისეთი განცხადება გავაკეთო, მთლად მოულოდნელი რომ იქნება საზოგადოებისთვის და ერთიც მინდა ვთქვა, რომ, რაც უნდა მოხდეს, არასოდეს შევეგუები, რომ ნაციონალებმა ფეხი აიდგან და იპარპაშონ ჩემს ქვეყანაში... ესაა ჩემი დღევანდელი სათქმელი.
წყარო: "კვირის ქრონიკა"