ლაშა ამირეჯიბი: რიჩარდ ნორლანდი „ნაციონალების“ ვექილობით ქართველ ერში ანტიამერიკულ განწყობას აღვივებს!
ამბობენ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია! იმასაც ამბობენ, შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს სჯობსო. მაგაზე კი შეგედავებით. შეჩვეული, თუ შეუჩვეველი - ჭირი მაინც ჭირია და ამიტომ მოსაშორებელია. რაზე გამახსენდა ეხლა ეს? უკვე მერამდენედ, ვუბრუნდები „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების ქცევებს და საზოგადოების წარსულში დაბრუნების მცდელობებს.
ეს რეფლექსი მათში იმდენადაა დაბუდებული, რომ უკვე ვერ ხვდებიან, რომ შიშის, ძალადობის და სიძულვილის თესვა დამღუპველია: გნებავთ ავტობაზრობაზე მომხდარი ინციდენტი გავიხსენოთ, გნებავთ ზუგდიდში მომხდარი ჩხუბის პროვოცირება - ყველაფერი ყალბი სიძლიერის აფიშირებაა. ამგვარი სცენებით ხალხს ვერ შეაშინებ, სიძულვილს კი მოიმკი.
საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც მერყევ პოზიციაშია, ზურგით მოგიბრუნდებათ. ნაცების გამოცდილების მქონე ნებისმიერი პოლიტიკოსი მიხვდებოდა, რომ ძველმა მეთოდებმა თავისი დრო მოჭამა - შიშით, ტერორით, სისხლით, ძალადობით ვერც ვერაფერს შეცვლიან და ვერც პოლიტიკას შერჩებიან.
ძალიან მიკვირს, როცა ნაცები ტერორის წინაააღმდეგ ილაშქრებენ. ეტყობა, სულ გადაავიწყდათ, სააკაშვილისეული ტერორი. რა შედარებაა!!! ცხრა წლის მანძილზე ნამდვილი ტერორი მათი მხრიდან იყო თუ იყო...
მათი ლიდერის მიერ დაანონსებული და ქვედა რგოლების პატარ-პატარა ლიდერებით ზედმიწევნით შესრულებული მოწოდებები: ყველა ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობა, ხელი არ აგიკანკალდეთ, აფრასიძეები დახვრიტეთ და კიდევ მრავალი სხვა. დახვრეტილი ბიჭები, გაუპატიურებული პატიმრები, წართმეული ქონება-ბიზნესი, 7 ნოემბრის სასტიკი დარბევა, 26 მაისის სისხლის გუბეები რუსთაველზე და ა.შ. სასაცილოა მათი ჭინთვა!!!
ნაცების აპოკალიფსური სცენარის გაღვივებას უნებლიედ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, ნორლანდიც, ეხმარება. „ტრადიციული დემოკრატიის“ პრინციპებზე გაზრდილს მასაც დასჩემდა პოლიტიკურ არენაზე ძლიერი ოპოზიციის არსებობის აუცილებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ე.წ. „ოპოზიცია“ უკვე არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას ებრძვის! რა გაეწყობა, ახლანდელი ოპოზიციის ბირთვი, „დემოკრატიული შუქურას“ სახელწოდებით, ხომ მათივე შექმნილია.
„ნაცების“ დღევანდელი ტაკიმასხარაობა ნორლანდს დროებითი სენი ჰგონია, რომელიც დროთა განმავლობაში გაივლის. ძალიან სამწუხარო ამბავის დამსწრენი ვართ. ელჩმა ყურადღება მთლიანად „ნაცების“ გადარჩენაზე გადაიტანა, საზოგადოება კი მიატოვა. ამ ჩაგრული საზოგადოების დიდ ნაწილში კი, რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთის ანტიპათია მკვიდრდება! ორიენტაციის ვექტორის შეცვლას გვაბრალებენ იმ დროს, როცა თვითონვე მოახდინეს ამ მიმართულების შეცვლის ინსპირირება... „ნაცების“ თავგამოდებით დაცვა, ფეხების ბაკუნი ნაცებზე ნებისმიერი შეტევის დროს, ქვეყნის მთავრობის დამარიონეტება და უაპელაციო დამოძღვრა - ეს ყველაფერი მხოლოდ ელჩს კი არა, იმიჯს მთელ ამერიკას უფუჭებს.
„რას ერჩით, მათ ასე სჩვევიათ“,- ამბობს ხალხი. მსოფლიოს უმაღლესი დემოკრატიის ქვეყანა კი ნელ-ნელა მსოფლიო ჟანდარმის როლს ირგებს! ნაბან წყალს არ გადააყოლოს ბავშვი, ბ-მა ნორლანდმა.
ერთ ასეთ „მეგობარს“ ცოტა ხნის წინათ ვეკითხებოდით: დოგსოპულო, შენ დედა გყაავს?! ახლა ეს კითხვა მინდოდა დამესვა ბ-ნი ელჩისთვის,მაგრამ ღირს კი? ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს სილამაზის, სტუმართმოაყვარეობის, ტრადიციების მაქებარი ელჩი საყოფაცხოვრებო დონეზე ვერ არჩევს თეთრსა და შავს, უსამართლობასა თუ სამართლიანობას, დაჩაგრულს თუ წაქცეულს. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ასე მოიქცეოდა, როგორც იქცევა საქართველოში. ერთი მართვადი პატარა კაცია, რომელიც ასრულებს ზესახელმწიფოს „ზე-დემონ-კრატულ“ ქვეყნის ბრძანებებს!!