პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება-„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს აგრძელებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრებმა სამოქმედო გეგმები განსაზღვრეს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
საუბრის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ მთავრობის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები კოლეგა დეპუტატებთან შეხვედრებს გამართავენ და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ ისაუბრებენ. პარტიაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა.
"ჩვენ ვიწყებთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. იმისათვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს, 60-მა კაცმა უნდა მოაწეროს ხელი ამ გადაწყვეტილებას, ამისათვის ჩვენ შევხვდებით ჩვენს კოლეგებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ხელისუფლებამ ქართველი ხალხი მოატყუა," - განაცხადა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.
ოპოზიციის სამოქმედო გეგმის ნაწილია ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნა და აქციები.
როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული კომიტეტები თბილისში, გურჯაანსა და სენაკში გაიხსნება.
"მიმდინარეობს ფულის ხერხვა, ბუჯეტიდან იპარავენ ხალხის ფულს, საქართველოში ბევრი ჯოკია ბოდოკიაა, რომელიც ფულს იპარავს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კომიტეტები თბილისში, გურჯაანსა და სენაკში შეიქმნას. რაც შეეხება აქციებს, საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ," - განაცხადა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა.
წყარო: „ექსკლუზივნიუსი“