გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად
"ქალის როლი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში უდიდესია და ამიტომ საჭიროა, საქრთველოს კანონმდებლობა ქალებს ხელს უწყობდეს თანაბარი შესაძლებლობები გააჩნდეთ", _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ "თბილისი მარიოტში" გამართულ კონფერენციაზე "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ამ მხრივ კარგი საკანონმდებლო ბაზა აქვს. "მაგრამ მის დახვეწასა და სრულყოფაზე ჩვენ, ახალმა ხელისუფლებამ უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა სართაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც სწორედ ამ კუთხით მუშაობს", – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქალი კანდიდატების წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები იყო. ამ სახითხზე პოლიტიკოსმა ქალბატონებმა მანანა ნაჭყებიამ, ფიქრია ჩიხრაძემ, მაგდა ანიკაშვილმა, თინათინ ბოკუჩავამ და ეკა ბესელიამ ისაუბრეს.
მათ ფინანსურსა და უნდობლობის პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ქალებს პოლიტიკური რეალიზების თვალსაზრისით ექმნებათ. "თუკი ქალს პარტიიდან არ აქვს ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა, იშვიათია, რომ ქალი საკუთარი ფინანსებით მოვიდეს პოლიტიკაში. ასევე დიდია მედიის როლი, ჟურნალისტები ცდილობენ მხოლოდ მამაკაცები ჩაწერონ ინტერვიუებისთვის, ქალბატონებს, რატომღაც, სკეპტიციზმით უყურებენ", - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
შეხვედრაზე ყველა წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიამ პირობა დადო, რომ კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართულნი ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა უფრო მეტ რეალიზებას ყველა სფეროში და განსაკუთრებით, პოლიტიკაში, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში.
კონფერენცია "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მთავარი ორგანიზატორი საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი (NDI) იყო.