ემზარ ჯგერენაია: თუ რამე ფეთქებადი არ მოხდა, წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,10 გახდება

ემზარ ჯგერენაია: თუ რამე ფეთქებადი არ მოხდა, წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,10 გახდება

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებას არ აინტერესებს, თუ რატომ უხარია მთავრობას, როდესაც ინფლაცია ხდება 3 %-ით. როგორც ჯგერენაია განმარტავს, მთავრობის განცხადება, რომლის მიხედვითაც თებერვლის თვეში აღნიშნული მიმართულებით ვითარება გაუმჯობესდა, საზოგადოებისთვის მიუღებელია, რადგან მას საკუთარ თავზე არ უგრძვნია პროგრესი. ამის შესახებ ჯგერენაიამ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ლარის კურსის ვარდნა, რა თქმა უნდა, რთულად და ცუდად აისახება ბევრი ჩვენი მოქალაქის ცხოვრებაზე. საზოგადოება არის მოლოდინის რეჟიმში, რომ ხვალ ან ზეგ კვლავ გაიზრდება ფასები. მთავრობას უხარია, როდესაც ინფლაცია ხდება 3 %-ით, მაგრამ საზოგადოებას ეს არ ესმის და არ აინტერესებს, რადგან ეს მის ჯიბეზე არ აისახება.  მთავრობის ხედვა სწორია, როდესაც ის ამბობს, რომ თებერვალში გაუმჯობესდა სიტუაცია, განსაკუთრებით ექსპორტის სიტუაცია გაუმჯობესდა მარტში, მაგრამ ეს პერმანენტურად არ აისახება მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრაზე, მოსახლეობა რთულ სიტუაციაშია. ასევე კარგია, რომ თებერვალში საბიუჯეტო თანხების გადასახადების კუთხით მობილიზაცია გაიზარდა, მაგრამ ეს მოქალაქისთვის არაფერს ნიშნავს. მოქალაქე არ უნდა იყოს ინფლაციური მოლოდინის რეჟიმში და მას სურს რაც შეიძლება მეტი დასაქმება.

ჩემი ვარაუდით, მარტსა და აპრილში უფრო გაუმჯობესდება სიტუაცია, 2,18 იქნება ახალი წონასწორობის წერტილი, მაისის ჩათვლით. შემდეგ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაზე, ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. მაისის შემდეგ ჩვენ ველოდებით პრივატიზაციის შედეგებს. უნდა დადგეს ის დრო, როცა სავალუტო ნაკადები გაიზრდება. მაისის შემდეგ ველოდებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პრივატიზაციის კუთხით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტების ამოქმედების კუთხით. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კურსს 2,15-2,10-ზე დაწევს. წლის ბოლომდე მივალთ 2,10 კურსით, თუ რამე რთული და ფეთქებადი არ მოხდა", - განაცხადა ჯგერენაიამ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: