დავით უსუფაშვილი: რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაეროში მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციას უმასპინძლა.
გაეროში 7 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ განვლილ პერიოდზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მიუხედავად საბჭოთა წარსულისა, საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება წარმატებულად განახორციელა და ქვეყანა მიზანმიმართულად განაგრძობს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზისკენ სვლას.
დავით უსუფაშვილმა უცხოელ სტუმრებთან საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია, რასაც მოწმობს ჩინეთის დაინტერესება ევროპის მიმართულებით სავაჭრო კორიდორის ფუნქციის გამოყენებისთვის. "დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შეძლო კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება მის სიახლოვედ მდებარე სახელმწიფოებთან, თუმცა მსგავსი მიდგომა შეუძლებელი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციასთან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.