ირაკლი ალასანია: მქონდა იმედი, რომ ბატონი ჯანელიძე გააგრძელებდა ამ საქმეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია განმარტავს, თუ რატომ ჰქონდა იმედი, რომ მისი შემცვლელი საფრანგეთში, საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის პუნქტებს წარმატებით შეასრულებდა.
"ეს იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა, ჩავთვალე, რომ ჩემი ჩამოცილების შემდეგ, ამ მნიშვნელოვან საქმეზე უარს არ იტყოდა ხელისუფლება და მთავრობა, ეს ერთი. მეორე, არ დავმალავ, რომ თავად ბატონი ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა, განხილვებში, რომლებიც გვქონდა უსაფრთხოების საბჭოზე, სოლიდარულად იყო ამ თემის მიმართ განწყობილი და მხარდამჭერად. ამიტომ მქონდა ფრთხილი იმედი იმის, რომ ის მოახერხებდა, როდესაც მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, როდესაც მოუსმენდა დეტალურად ჩვენს სამხედროებს და გაიგებდა ამის საჭიროებას, კიდევ უფრო მეტად, გააგრძელებდა ამ საქმეს", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ შეთანხმების ხელმოწერის ვადა უკვე ამოიწურა. საგანგებო ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები", საფრანგეთში, საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის შესასწავლად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.