სევდია უგრეხელიძე:"თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლის შემდეგაც ოპოზიციურ ნიშას ვერ მოერგნენ
დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დაშლის საკითხს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" სევდია უგრეხელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლის შემდეგაც ოპოზიციურ ნიშას ვერ მოერგნენ და "ქართული ოცნების" ყველა ინლა ინიციატივას მხარს უჭერდნენ. ამის შესახებ უგრეხელიძემ "კვირას" პრესკლუბში ისაუბრა.
"ამ ფრაქციის დაშლა საკრებულოს მუშაობაზე არანაირად არ აისახება, ვინაიდან ჩვენ მას შემდეგ, რაც ისინი კოალიციიდან გავიდნენ, ვხედავთ, რომ ჩვენთან, საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქცია ოპოზიციური არ იყო. არავითარ კრიტიკულ აზრს, არც სასარგებლოს და არც უსარგებლოს ისინი არ გამოთქვამდნენ, ჩვეულებრივად აძლევდა ხმას "ქართულ ოცნებასთან" ერთად. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თავის დროზე მმართველი კოალიცია ანგარებისა და პირადი გამორჩენის საფუძველზე შეიქმნა. ადამიანები ხშირად ამა თუ იმ გაერთიანებაში სწორედ პირადი გამორჩენის მიზნით არიან და მერე ბუნებრივად გარბიან იქით, სადაც უფრო თბილი ადგილია. ისინი გამოყოფის დღიდან მოყოლებული, ოპოზიციურ ნიშაში არც არასდროს ყოფილან",- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, გუშინ, პარტიამ გაავრცელა განცხადება.