დავით საგანელიძე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია.
"არა მგონია, რომ ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიცია წამოჭრის, პარლამენტმა სასწრაფოდ კომისიები უნდა შექმნას. ამ შემთხვევაში მივიღებთ კომისიების უსასრულო და გაუთავებელ კასკადს, რაც წარმოუდგენელია. რაც შეეხება უშუალოდ იმ თემას, რაზეც "თავისუფალი დემოკრატები" საუბრობენ, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ არის ის, რომელზეც ახლა კომისია უნდა შეიქმნას. თუ სასაუბრო და სალაპარაკო იყო ეს თემა, კომისია თავის დროზე უნდა შექმნილიყო და არა მაშინ, როცა სხვა პროცესებს უკავშირდება ეს ყველაფერი. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი კომისია არ უნდა შეიქმნას, ამის მომხრე არ ვარ და დარწმუნებული ვარ, არ შეიქმნება", - განაცხადა საგანელიძემ და აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნაზე კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.