რა დაწერა მოკლულმა პოლიციელმა უკანასკნელად „ფეისბუქზე“
4 აპრილს, საღამოს, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც შსს იუწყება, "ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს."
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტიკური სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და შეიარაღებული სპეცრაზმელები. შსს-სთან ასევე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა. კახეთის გზატკეცილის გარდა გადაკეტილია მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, მოქალაქეებს არ უშვებენ სამინისტროს მახლობლად არსებული საცხოვრებელი უბნის ტერიტორიაზე.
სამართალდამცავები და დასასწრაფო დახმარების თანამშრომლები არ საუბრობენ, თუ რატომ მოხდა მათი მობილიზება, თუმცა, სავარაუდოდ ეს წუხელ მომხდარ პოლიციელის მკვლელობას და ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.
გარდაცვლილ პოლიციელ ბექა მარგიშვილს წელს აგვისტოში 29 წელი შეუსრულდებოდა, როგორც მისი ნაცნობისგან შევიტყვეთ ნიჭიერი ადამიანი იყო, მღეროდა და ლექსებსაც წერდა. ბექას "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე ბოლო ჩანაწერი 19 მარტს აქვს დატოვებული. ეს ჩანაწერი მისივე ლექსია, რომელსაც ვაქვეყნებთ:
AVE...
ნუ იგვიანებთ, მეგობრებო, გათენდა, AVE...
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო,არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ,დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.
ნუ გეღიმებათ, მეგობრებო, მე ლოთი არ ვარ!..
მინდა,რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დ
ამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ...
ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.
ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი...
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა....ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.
ნუ იგვიანებთ მეგობრებო,გათენდა, AVE...
წყარო: "კვირისპალიტრა"