ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს ლარის სტაბილიზების გეგმა არ აქვს
ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს არ აქვს ლარის სტაბილიზების გეგმა. ეროვნული ბანკის როლი კი შექმნილ ვითარებაში მინიმალურია - ასეთია ექსპერტთა ნაწილის შეფასება. მათი აზრით საჭიროა მთავრობის მხრიდან ეკონომიკური აქტივობა.
ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას რამდენიმე თვეში ბიუჯეტის კორექტირება მოუწიოს. ლარის ოფიციალური კურსი დღეისათვის 2 ლარი და 26 თეთრია.
ფინანსტა მინისტრი ნოდარ ხადური, ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემებით კმაყოფილია.
"საგადასახდო შემოსავლები წლიური გეგმის 24.1 პროცენტია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი წლის პირველ კვარტალში ფაქტობრივად არასდროს ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ფისკალური სამსახურები კარგად მუშაობენ. ბიუჯეტი არის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროფიციტული. საზოგადოებას დავპირდით, რომ ბიუჯეტზე ლარის გაცვლით კურსს არ ექნებოდა გავლენა, რადგან უფრო მეტი თანხა ამოვიღეთ, ვიდრე დავხარჯეთ. ამავდროულად, ყველა სამინისტროს ხარჯვა 90%-ზე მაღალია, განსაკუთრებით მნიშნელოვანი კი ისაა, რომ ეს რიცხვი მაღალია კაპიტალურ პროექტებში, რაც ეკონომიკის განვითრებას ხელს უწყობს. ამავე დროს, გამოსწორებულია ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა. ოპერატიული მონაცემები გვაქვს და მალე ამას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა ხადურმა.