პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის დის, სალომე აბულაძის ინფორმაციით, შალვა აბულაძესთან ოჯახს გასული წლის ივლისის შემდეგ ურთიერთობა აღარ აქვს. 

 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მანამდე  აბულაძე სასჯელს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მკვლელობის მცდელობის, მარიხუანას მოხმარებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით იხდიდა. მას 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა აბულაძეს პატიმრობა ჯერ ამნისტიით გაუნახევრდა, შემდეგ კი უდო-ს კომისიამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

"ივლისის შემდეგ მასთან ოჯახს ურთიერთობა აღარ აქვს და ამ სიბინძურეს და ამ საშინელებას ვემიჯნებით. იჯდა მკვლელობის მცდელობაზე, იარაღი და 260-ე მუხლის პირველი ნაწილი.  კონკრეტულად ეს ფაქტი, რაზეც იჯდა, მართლა არ იყო ამ შემთხვევაში, რეალურად შესაძლებელი იყო, რომ 20 წელი კი არა, საერთოდ განთავისუფლებულიყო სასჯელისაგან იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად დაპირისპირება არ ყოფილა, ჩემი ძმის მხრიდან იყო თავდაცვა", - განუცხადა სალომე აბულაძემ "რუსთავი 2"-ს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

 

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. 

 

მომხდარზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს. პროკურატრის ინფორმაციით,  ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა პოლიციელებზე თავდამსხმელი პირის ვინაობა.

 

"იგი 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც  2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის", - აცხადებენ პროკურატურაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: