გიგი უგულავა: რაც მოხდა წმინდა წყლის პოლიტიკური დევნაა
მიუხედავად იმისა, რომ შოთა ხიზანიშვილის დაკავება მერიაში მის საქმიანობას არ უკავშირდება, გიგი უგულავა მაინც მზად არის თავდებში ჩაუდგეს მას.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს განაცხადა.
"დღეს, როგორც ჩანს, პროკურატურამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი და დაკავებულია ჩემი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მისი ბრალდება მერიაში საქმიანობის პერიოდს არ ეხება, მე ვუდგები მას თავდებში, რადგან ვიცნობ დიდი ხანია, ვიცი, რომ იგი პროფესიონალი, ერთგული და პატიოსანი ადამიანია. მზად ვარ, ჩავერთო და განვახორციელო ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რაც ჩემი მხრიდან შესაძლებელია, რადგან ვთვლი, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა", - აღნიშნა უგულავამ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობაზე.