ბიძინა ივანიშვილი: პრემიერს არაფერი ესაქმება სპეცრაზმელებთან
ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურის მუშაობაზეც ისაუბრა. მან ყურადღება ე.წ. სპეცრაზმელების საქმეზეც გაამახვილა. ივანიშვილის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით როგორც პრემიერმა, ასევე შს მინისტრმა, მხოლოდ თავიანთი აზრები გამოთქვეს.
"პრემიერს, საერთოდ არაფერი ესაქმება სპეცრაზმელებთან, მათ თავიანთი უფროსი ჰყავთ. პრემიერმა მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვა და იგივე აზრი გამოთქვა მე მგონი გომელაურმაც. მე, დღეს წავიკითხე, რომ გომელაურიც ფიქრობს და ცდილობს, რომ მათ, ვინც არასწორ ბრძანებას დაექვემდებარა და ჩაიდინა დანაშაული, იქნებ შეუმსუბუქონ სასჯელი.
მე არ ვიცი როგორაა გაწერილი ჩვენთან. თუ უკანონო ბრძანებას იძლევიან, უნდა ეყოს გონება რიგითსაც, რომ რაღაც არ გააკეთოს.
თუმცა, ეს სხვა კითხვებს იწვევს, რომ როდესაც ტერორისტული აქტი ხდება, ამდენი გარჩევის დრო და საშუალება არ არის. კითხვები ბევრია", - განაცხადა ივანიშვილმა.