ტყვეობაში მყოფი პატრიარქი, რომელზეც არავინ არ საუბრობს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნისას მსოფლიოს ყურადღება იურისალიმისკენ არის მიპყრობილი, სადაც მსოფლიო მედიის თვალთახედვაში არა მხოლოდ წმინდა ცეცხლი და პილიგრიმები არიან. თუმცა ცოტამ თუ იცის რომ იქვე, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან ახლოს მდებარე კელიაში ჩაკეტილი პატრიარქი ირინეოსი იმყოფება. ის 2005 წელს, სააღდგომო წირვის შემდეგ გამოკეტეს და დღემდე გარესამყაროსთან მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა აკავშირებს.
2001 წლის 13 სექტემბერს იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელად ახალი პატრიარქი ირინეოსი აირჩიეს, რომლის აღსაყდრება ქრისტეს აღდგომის ტაძარში, 15 სექტემბერს მოხდა. ახალი პატრიარქის არჩევას ისრაელის მთავრობა უნდობლობით შეხვდა, რადგან ირინეოსს პროარაბულ აზროვნებაში ადანაშაულებდა, რის გამოც, იგი ოფიციალურ პატრიარქად მხოლოდ 2004 წელს აღიარეს.
ახალმა პატრიარქმა არჩევის დღიდან განაცხადა, რომ მხარს უჭერდა პალესტინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და მეგობრულ ურთიერთობაში იყო პალესტინური ავტონომიის მეთაურთან, იასირ არაფატთან.
მოგვიანებით, პატრიარქი ირინეოსი უკანანო შეთანხმებაში დაადანაშაულეს, რომლის თანახმადაც, მან ეკლესიის კუთვნილი მიწები სხვებს მიყიდა, მათ შორის მართლმადიდებელ არაბებს, რომლებიც იერუსალიმის ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 2005 წლის იანვარში იორდანიის სამთავრობო კომისიამ პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებები საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო უკანონოდ ცნო. მიუხედავად ამისა, წაყენებულმა ბრალდებებმა შეარყია ირინეოსის ავტორიტეტი, რის გამოც, მან უკვე ვეღარ შეძლო საეკლესიო საზოგადოების ნდობის დაბრუნება.
2005 წლის 5 მაისს ეპისკოპოსების უმრავლესობამ პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. წმინდა სინოდის შეკრებაზე, ხმების 2/3-ის თანახმად, ირინეოსი გადაყენებულად გამოცხადდა. 24 მაისს მიღებული დოკუმენტის მიხედვით, გადაწყდა, რომ პატრიარქი უხსენებელთა რიგებში გადაეყვანათ.
მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, ირინეოსი მაინც აგრძელებდა ქადაგებას. თუმცა, 2005 წელს, სააღდგომო წირვის შემდეგ, კელიაში შესული პატრიარქი გარედან ჩაკეტილი აღმოჩნდა. მისასვლელი გზები აგურის კედელმა შეცვალა, რომელსაც გარესამყაროსთან მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა აკავშირებს. ამგვარი გამოკეტვის შემდეგ, ირინეოსს მხოლოდ ორი გამოსავალი ჰქონდა, ან უნდა ეღიარებინა დანაშაული და პოსტიდან გადამდგარიყო ან სამუდამოდ ჩაკეტილი ყოფილიყო კელიაში. უკვე თითქმის 10 წელია, რაც იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი გისოსებს მიღმა იმყოფება.
როგორც ცნობილია, პატრიარქის კელიის ზედა სართულზე არაბი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მას ყოველდღიურად თოკის მეშვეობით საკვებს აწვდიან.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, პალესტინურმა ნაციონალურმა ადმინისტრაციამ გაზეთ "ალ-კუდსში" გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც დამტკიცებულია, რომ ირინეოსს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია მიწების გასხვისებაში, ხოლო თვითონ შეთანხმება არაკანონიერია, რადგან არ იყო დამოწმებული სინოდის გადაწყვეტილებით.