ვახტანგ გომელაური:შსს ბორჯომში მოკლული სამართალდამცველის ოჯახს საცხოვრებელ ბინას შეუძენს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს თბილისში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახის გარდა, საცხოვრებელ ბინას ბორჯომში მოკლული სამართალდამცველის ოჯახსაც შეუძენს.
რაც შეეხება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახის დახმარების შესახებ კანონპროექტს, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის სამართალდამცველთა ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიური - 1000-ლარიანი დახმარების გარდა, ერთჯერადად 100 000 ლარსაც მიიღებენ.
"კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე გავიტანეთ. მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს. ეს შეეხება 1991 წლიდან დაღუპული ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ასევე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპულ პოლიციელზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს და ძალაში შევა. რაც შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისსა და ბორჯომში მოკლულ პოლიციელებს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინებს შეუძენს", - განაცხადა გომელაურმა.