ოთარ დანელია: ერთობლივი საწარმოები გაიხსნება, როგორც საქართველოში, ისე ბელარუსში
ხვალ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის მრეწველობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის საფუძველზე, საქართველო და ბელარუსი ერთობლივ საწარმოებს შექმნიან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას, ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის და მრეწველობის მინისტრ ვიტალი ვოვკის შეხვედრის ერთ-ერთი თემა მემორანდუმის გაფორმების საკითხი იყო.
"ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ვიზიტია საქართველოში. ბელარუსის პრეზიდენტი ჩამოდის სახელმწიფო ვიზიტით. ძალიან მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მინდა, ხაზი გავუსვა ასევე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას, რომელიც ერთ-ერთი კონტრიბუტორი იყო ამ ვიზიტის მომზადებაში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, გაიმართება საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი, განხილული იქნება ერთობლივი საწარმოების, მათ შორის ერთობლივი ღვინის საწარმოს შექმნის ინიციატივა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბელარუსში სოფლის მეურნეობის განვითარების დონეს და აღნიშნა, რომ ეს გააზრებული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგია.
კითხვაზე, ბელარუსის მხრიდან საქართველოსთან ერთობლივი საწარმოების შექმნით დაინტერესება არის თუ არა განპირობებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე გადის, ოთარ დანელიას თქმით, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და აქ ორმხრივი დაინტერესებაა, ერთობლივი საწარმოები გაიხსნება როგორც საქართველოში, ისე ბელარუსში.
ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
"საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობებში ახალი ფურცელი იხსნება. ქართველები უნიკალური ერი ხართ, შრომისმოყვარე, სტუმართმოყვარე და მოხარული ვარ, რომ საქმე გვექნება ისეთ ხალხთან, როგორიც საქართველოში ცხოვრობს", - განაცხადა ლეონიდ ზაიაცმა.