სოსო მანჯავიძე:ე.წ. სომეხთა გენოციდის წინააღმდეგ მიმართული აქციების ორგანიზატორად "ნაციონალური მოძრაობა" გვევლინება
თბილისის საკრებულოს დეპუტატის სოსო მანჯავიძის განცხადებით, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ აქციებზე დაპირისპირებაა მოსალოდნელი.
"მინდა, საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც 23-24 აპრილისთვის ე.წ. სომეხთა გენოციდის წინააღმდეგ მიმართული აქციებისას შეიძლება რეალობად იქცეს. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ 23 აპრილს, 20:00 საათზე, ვაკის პარკიდან სომხები თურქეთის საელჩოსკენ მსვლელობას გეგმავენ. ამ მსვლელობის საწინააღდეგოდ 23-ში დაგეგმილია აზერბაიჯანელთა კონტრაქცია. 24 აპრილს, 14:00 საათზე, სომხები თურქეთის საელჩოსთან აქციას გეგმავენ. ასევე, დაგეგმილი არის აზერბაიჯანელთა კონტრაქცია. ორივე მხრიდან ორგანიზატორად "ნაციონალური მოძრაობა" გვევლინება", - განაცხადა მანჯავიძემ.
სოსო მანჯავიძემ ის პირებიც დაასახელა, რომელნიც მისი თქმით, ამ საქმის ორგანიზებაში არიან ჩართული.
"აზერბაიჯანელთა კოორდიატორია ყველასთვის ცნობილი "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გელა ვასაძე. ამ საქმეში ჩართულები არიან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვი, რომელმაც ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები თურქეთის ელჩთან. ასევე, გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" რამინ ბაირამოვი, "საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მიშას გზის" ხელმძღვანელი სამირა ისმაილოვა, აზერბაიჯანული თაეტრის მსახიობი და "მიშას გზის" ერთ-ერთი აქტივისტი ასლან მამედოვი", - აღნიშნა მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ეს პიროვნებები არც მალავენ თავიანთ მოქმედებებს. მანჯავიძის განცხადებით, ცნობილი ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო და არის დაკავებული პროვოკაციული მოქმედებებით და ისინი ნებისმიერი ხასიათის დაპირისპირებას სათავისოდ იყენებდნენ.
"ეს საკითხი არის ძალიან მძიმე საფრთხეების შემცველი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობისთვის. ქვეყნის უშიშროების ორგანოებისთვის სიგნალად უნდა გადაიქცეს, რომ ეს ხალხი სასწრაფოდ არის გასაჩერებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს მოგვიწევს ამ ადამიანების შეჩერების ფუნქციის საკუთარ თავზე აღება. გვახსოვს, ისინი რას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა ე.წ. ოპოზიციაში ყოფნისას უარესს აკეთებენ. მგონი საქართველოს ყველა მოქალქეს ესმის, რა შეიძლება გამოიწვიოს აზერბაიჯანლებსა და სომხებს შორის თბილისის ცენტრში დაპირისპირებამ. ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებს - საქართველო არ არის მათი დაპირისპირების ადგილი. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თავისი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ სომეხთა და აზერბაიჯანელთა დაპირისპირების მოედნად გადავიქცეთ. ამის გარდა, ჩვენს სომეხ მოქალაქეებს მივმართავ - ძალიან მტკივნეულია, რაც მოხდა ამ ერთი საუკუნის წინ, ჩვენთვისაც მტკივნეულია და თანავუგრძნობთ, მაგრამ ამის გამო ნუ ცდილობენ, საქართველო ისეთ სიტუაციაში ჩაითრიონ, რომელიც მის სახელმწიფოებრიობას ემუქრება, თუ უყვართ ეს ქვეყანა და თუ აქ ცხოვრება უნდათ. ბავშვსაც ესმის, რას გამოიწვევს საქართველოსთვის თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება და კეთილი ინებონ და ნუ გვაშანტაჟებენ. მე მთელ სომეხ მოსახლეობას არ ვეუბნები ამას, მე ვეუბნები პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს და ისინი ისევ ჩვენმა სომეხმა თანამოქალაქეებმა უნდა გაანეიტრალონ", - აღნიშნა მანჯავიძემ.