გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა დასრულდა
საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. ამ დროისთვის მხარეები ავლაბრის რეზიდენციაში აუდიენციას გაფართოებული შემადგენლობით მართავენ.
პირისპირ შეხვედრა, პროტოკოლით გათვალისწინებული 45 წუთის ნაცვლად, საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შეხვედრას ქართული მხრიდან პრეზიდენტის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებიან.
რაც შეეხება პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
"მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს", - აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში