სოსო ცისკარიშვილი: "ნაცმოძრაობა" მხოლოდ აგრესიას და სიცრუეს ემყარება!

სოსო  ცისკარიშვილი: "ნაცმოძრაობა" მხოლოდ აგრესიას და სიცრუეს ემყარება!

მმართველმა პარტიამ დაპირებათა შესრულება სამართლიანობის აღდგენით დაიწო, რასაც შედეგად ყოფილ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებების სერიები მოჰყვა. "კრიმინალური ისტორიებით გაწყობილ სუფრასთან" მიწვეულ "ქართულ ოცნებას" ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.   


 _ ბატონო სოსო, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ მმართველი პარტიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი ქართულ პოლიტიკაში და რატომ აფასებს მას "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ დევნად?


_ "ქართული ოცნება" ჰპირდებოდა თავის ამომრჩეველს, რომ ქვეყანაში აღდგებოდა სამართლიანობა და მიუღებელი უსამართლო გარემო შეძლებისდაგვარად სწრაფად შეიცვლებოდა. სამართლიანობის აღდგენა დაიწყო პრინციპით _ "რასაც დასთესავ, იმას მოიმკი!" ეს რომ იყოს პოლიტიკური დევნა, ისეთივე ტექნოლოგიების მოწმენი გავხდებოდით, რაც მათ ცხრა წლის მანძილზე დაამკვიდრეს _ ფარული ჩანაწერები, შუაღამისას ხალხის წამოყრა, დაწიოკება და მერე დუმილი წლების განმავლობაში. ჩვენ კი მოწმენი ვართ სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიების, რასაც ქვია საკითხის შესწავლა, მოწმეთა დაკითხვა და შემდგომ მათთვის ბრალის წაყენება.


ყველას კარგად გვახსოვს ყოფილი მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური დევნა, მინისტრების დაპატიმრება, ასობით უკანონო და პოლიტპატიმარი... პროკურატურას დახვდა გაწყობილი სუფრა იმ კრიმინალური ისტორიებით, რაც ცხრა წლის მანძილზე გროვდებოდა. ეს საქმეები საზოგადოების მიერ კარგა ხანია შესწავლილი და ცნობილია, და მე, როგორც სამოქალაქო მოძრაობა _ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიტყვი, რომ პრაქტიკულად, დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი ჯგუფები რჩებოდნენ, რომლებიც თანამდებობით სარგებლობდნენ და არად დაგიდევდნენ იმ მსხვერპლს, ვისაც თავს დაატეხეს უბედურება.


სხვაგვარ შეფასებებს "ნაცმოძრაობის" მხრიდან არც არავინ ელოდა, რადგან მსგავსი ფაქტების მიმართ აჟიოტაჟის ატეხვა მათი თავდაცვის მექანიზმია. სწორედ ერთპიროვნულ საკითხთა არსებობა აერთიანებს და კრავს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებს და სრულიად გასაგებია, რომ ისინი თანაგრძნობას საზღვარგარეთ ეძებენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აღარ აქვთ.


_ ბატონო სოსო, არც თუ სასიამოვნო და სამართლიანი იყო ნატოს გენერალური მდივნის შეფასებები, რაც მან საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა. როგორ შეაფასებდით რასმუსენის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას?


_ რასმუსენი საუბრობდა ჭეშმარიტებას, მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ ამ განცხადების გაკეთება მან 4-5 წლით დააგვიანა. ყველაფერი, რაზეც საუბრობდა, მის თანამოსაუბრეს _ მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა, რომლის ქმედებებსაც დღეს ვიმკით. თავდაცვის მექანიზმზე გადასული "ნაცმოძრაობა" ემყარება მხოლოდ აგრესიას და სიცრუეს. იგი უპირველესად ცდილობს, საერთაშორისო ინსტიტუტები დაარწმუნოს იმ მითში, რომ იგი დიდი დემოკრატია და ამით ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, მოიპოვოს თავისუფალი საქმიანობის მეტი შესაძლებლობა.


_ როგორ შესრულდება მმართველი პარტიის სხვა დაპირებები და როდის იგრძნობს სასიკეთო ძვრებს ქართული საზოგადოება?


_ ყველა სხვა მიმართულება, რაც რეფორმებსა და სოციალურ პროგრამებს შეეხება, ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განხორციელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: