სოსო მანჯავიძე: „ახლა გამოჩნდებიან ის ჯგუფები და პარტიები, რომლებიც დიდი ხანია პოლიტიკური ვაჭრობისთვის ემზადებიან!“
„ივერიონს“ საქართველოსში შექმნილ ტრაგი-კომიკურ სიტუაციაზე თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ესაუბრება
-ბატონო სოსო, რა ვითარებაა დღეს ქართულ მთავრობაში?
-საქართველოში სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტი აშკარაა; ამასთან, მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობაც - ლარი კატასროფულად უფასასურდება; ვხედავთ პირად ურთიერთგარკვევას, რომელიც ვერა და ვერ გვარდება , ვგულისხმობ ლევან ყიფიანისა და სპორტკომიტეტის წევრების დაპირისპირებას; ელგუჯა ხოკრიშვილს ოჯახი მოენატრა და მინისტრობიდან გადადგა; ღარიბაშვილ -ივანიშვილის მარგველაშვილთან ურთიერთობა პრეზიდენტის სასახლიდან პრეზიდენტის გამოყვანა-არგამოყვანის განხილვამ კიდევ უფრო გაამწვავა და ახლა სწორედ ამ პრეზიდენტის გადასაწყვეტი აღმოჩნდა იმ პრემიერის დანიშვნა, სასახლის დატოვებას რომ აიძულებდა!
აი, ამგვარმა მოვლენებმა მიგვიყვანა იმ კრიზისამდე, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან ტრაგიკომიკურია და სულაც არ არის ჯანსაღი პროცესი, როგორც მას უწოდა ღარიბაშვილმა. ვფიქრობ, სწორედ ახლა გამოჩნდებიან ის ჯგუფები და პარტიები, რომლებიც დიდი ხანია პოლიტიკური ვაჭრობისთვის ემზადებიან.
-რა როლს ითამაშებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახალი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბერბაში?
-პრეზიდენტი მარგველაშვილი პრემიერ- მინისტრად ღარიბაშვილს თუ არ დანიშნავს, სამთავრობო პოლიტიკურ კრიზისს მივიღებთ!
-უნდა დარჩნენ თუ არა ახალი სამთავრობო გუნდში ძველი მინისტრები?
-საზოგადოებისთვის ახალი სახეების შეთავაზება აუცილებელია, თუმცა გუნდური პრინციპიც მნიშვნელოვანია, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ პასუხისმგებლობა თავის თავზე ხომ უნდა აიღოს! თუმცა, ვერც ახალი სახეები გამოასწორებენ დღეს არსებულ ვითარებას. მაგალითად, ექსპერტები ამბობენ, რომ ლარის კურსს არაფერი ეშველება და ხადური ვალდებულია გამოვიდეს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპივოს!..
-და მაინც... შეინარჩუნებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს?
-ღარიბაშვილი თუ არ დარჩა პოსტზე, რაც ვითარებას გაართულებს, ვფიქრობ, რომ მის ადგილს კვირიკაშვილი დაიკავებს, რადგან ეკონომიკურ საკითხებში კარგად ერკვევა და ეკონომიკური გუნდის მუშაობა პროფესიონალური გახდება, სერგეენკოს კი ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს!
-დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
-პირველი, რა სჯობს ამ ვითარებაში, ძნელი სათქმელია. რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო; მეორე, სახელმწიფოებრივი რყევა არ უნდა დაიწყოს, თორემ, რაშიც სტაბილურობა-წონასწრობა გვაქვს, იმასაც დავკარგავთ! მესამე, ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა სიტუაცია სახელმწიფოებრივად არ უნდა გაართულოს და საფიქრებელია, ამ ვითარების განმუხტვას რამდენად შეუწყობს ხელს; მეოთხე, პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისგან, რათა საზოგადოებამ ახალი იმედგაცრუება არ მიიღოს ახალი პარლამენტით.
ესაუბრა ია ჯღარკავა