რატომ დააყენა ივანიშვილმა ღარიბაშვილი ასეთი მკაცრი დილემის წინაშე და რატომ ალოკა საკუთარი ნაფურთხი ღარიბაშვილმა?!
ნორლანდს შუშის სასახლეში სტუმრობისას რომ კარგად წაუმუშავია, თუნდაც, წუხელ დაანონსებული მინისტრების კანდიდატურებიდანაც აშკარად ჩანს - დაბალრეიტინგიანი და ივანიშვილის მიერ გაცოცხლებული პარტია „რესპუბლიკელები“ ფრთებს ახალი ენერგიით შლიან და საქართველოს მთავრობაში საკვანძო თანამდებობებს იკავებენ.
აქ არა იმდენად ქალი თავდაცვის მინისტრის უჩვეულობაზეა საუბარი, რამდენადაც „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციების გაძლიერებაზე - არავის არა აქვს ილუზია, რომ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში რკინის ქალამნებს ჩაიცვამს, „ნატო“-სთან ურთიერთობებს დააჩქარებს და რუსეთს კუდით ქვას ასროლინებს, მაგრამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში თავდაცვის უწყების საეჭვო რეპუტაციის და გამოკვეთილად პროამერიკული აზროვნებით გამორჩეული პოლიტიკოსებისთვის უცერემონიოდ ჩაბარება, რბილად რომ ვთქვათ, ახალ თავსატეხს გაუჩენს საქართველოს!
ამის ნათელი მაგალითია ექს-თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომლის „თამამმა ნაბიჯებმა“ მისი თანამდებობაც შეიწირა. როგორც ამბობენ, ალასანიას ინიციატივა ახალ პრობლემებს უქმნიდა ქვეყანას რუსეთთან მიმართებაში.
ალასანიასგან განსხვავებით, ხიდაშელის სახით საქმე გვექნება თავდაცვის უწყების უფრო მოქნილ ხელმძღვანელთან, რომელსაც საკუთარი (ოკეანისგაღმიდან თავსმოხვეული) გადაწყვეტილების კარგად შეფუთვა შეუძლია. საკამათო არ არის, ეს არჩევანი ივანიშვილს ზეწოლის შედეგად მიაღებინეს, მაგრამ არანაირი ლოგიკის ჩარჩოში რომ არ ჯდება, ცხადია - რა საერთო აქვს ხიდაშელს თავდაცვის სფეროსთან? რა თქმა უნდა, არანაირი.
უპრიანი იქნება დაისვას მეორე კითხვაც: რას უწუნებენ მინდია ჯანელიძეს? რა ვერ აპატიეს მას და რატომ გახდა მისი ჩანაცვლება თავდაცვის სფეროსთან საერთოდ შორსმდგარ, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსით აუცილებელი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბიძინა ივანიშვილს მოუწევს.
ივანიშვილმა პასუხი უნდა გასცეს ფრიად საჩოთირო კითხვაზეც: რამდენად მართებულია ღარიბაშვილის მთავრობაში თინა ხიდაშელის გამინისტრება საყოველთაოდ ცნობილი სკანდალის შემდეგ? ის, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი განტევების ვაცად აქცია, ცხადია, მაგრამ საკუთარი ფავორიტის ასე დასუსტება-დაკნინება ადამიანური ურთიერთობის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება - ღარიბაშვილმა წამყვან უწყებაში ხელმძღვანელად უნდა წარადგინოს პიროვნება, რომელსაც თავის დროზე დამამცირებელი ეპითეტებით ამკობდა.
ვეთანხმები სოციალურ ქსელში გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი დილემის წინაშე დააყენა ან უარი თქვას პრემიერობაზე, ან თავისი „ნაფურთხი“ ალოკოს! ეს უბრალოდ ღირსების საქმეა და ღარიბაშვილის გადასაწყვეტია, რა არჩევანს გააკეთებს იგი. მაგრამ, ჩვენ უფრო ის უნდა გვაღელვებდეს, რატომ გვაფურთხებენ სულში საზოგადოებას და რატომ მიდიან ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“?!
ცალკე საუბრის თემაა გიგლა აგულაშვილის გამინისტრებაც - მე მგონი, ეს ის აგულაშვილია, რომელსაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების შეუზღუდავად მიყიდვის კანონპროექტის ავტორობა უკავშირდება. მე მგონი, საუბრის გაგრძელება საჭირო არ არის!!!
თუ რისთვის დასჭირდა ივანიშვილს ასეთი ტრიუკის დემონსტრირება, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
P.S. ვიდრე სტატია გამოქვეყნდებოდა, ღარიბაშვილმა ახალი მთავრობა უკვე წარადგინა. ხიდაშელი და აგულაშვილი „ახალ მთავრობაში“ საპატიო ადგილს იკავებენ. ყველაფერი გასაგებია, თუმცა ამაზე სხვა დროს, სხვა სტატიაში...
ანდრია ლისაშვილი