გამყარებული „პლასტელინი“, ღირსებაშელახული ღარიბაშვილი და მოზეიმე „რესპუბლიკელები“!
სახალხო პარტიის ლიდერი ბ-ნი მამუკა გიორგაძე „ივერიონში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყანაში სახეზეა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კრიზისი.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ივანიშვილს აქვს შანსი, შეცვალოს არა მარტო მთავრობა, არამედ, სისტემაც“! საუბარია მართვის ბოლშევიკურ სისტემაზე, რომელიც ჩოხასავით მოირგეს შევარდნაძე-სააკაშვილმა და დღევანდელი ხელისუფლებაც ხელიდან არ უშვებს!
ის, რომ ივანიშვილმა ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, სააკაშვილი და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა (თუმცა, „ნაციონალები~ ფორმალურად არიან ჩამოშორებულები), ნადვილად არ იყო საკმარისი ქვეყანა განვითარების ახალ რელსებზე შემდგარიყო - საჭირო იყო სისტემური ცვლილებები, რომლის პოლიტიკური ნება დღევანდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ექს-პრემიერი არ ერკვევა პოლიტიკურ პროცესებში და არა აქვს კადრების (იგულისხმება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება) კვალიფიციურად შერჩევის უნარი, ან ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული!..
კატეგორიულად ძნელი სათქმელია, კონკრეტულად ვის დავალებებს ასრულებდა (ასრულებს) ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ შუშის სასახლეში ამერიკის ელჩის ბოლოდროინდელი სტუმრობა გვაფიქრებინებს, რომ იგი ოკეანის გაღმელთა ყურმოჭრილი მონა არ უნდა იყოს - სხვა საკითხია, ზეწოლის რა ბერკეტები არსებობს მის „მოსარჯულებლად“!
უმადურობა უღვთოთა თვისებაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი სათანადოდ აფასებს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას „ნაციონალური“ რეჟიმისგან განთავისუფლების საქმეში, მაგრამ არც იმის უთქმელობა ეგების, რომ ამ შემთხვევაში მისი და საზოგადოების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა... (ამაზე ცალკე შეიძლება ვისაუბროთ!)
ექს-პრემიერის საკადრო გადაწყვეტილებები მოწმობს, რომ მისი მიზანი ხელისუფლების არა იმდენად პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებით დაკომპლექტება იყო, არამედ, მორჩილი უმრავლესობის შექმნა, რომლის მართვა ადვილად შეუძლია. ნიშანდობლივია ისიც, რომ მან საკუთარი მიზნის მისაღწევად ანგარიში გაუწია კონიუნქტურასაც (თავის დროზე ალასანია-„რესპუბლიკელების“ საკუთარ გუნდში ფავორიტებად წარმოჩენა), რომელიც ნამდვილად არ ჯდებოდა საზოგადოების ინტერესში, მაგრამ იგივე საზოგადოებამ თვალი დახუჭა, ოღონდ ქვეყანა „ნაციონალური ჯოჯოხეთისგან“ განთავისუფლებულიყო.
რატომ არის დღევანდელი ხელისუფლება უსუსური?!
ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ და ქუჩაში ადამიანები გავაჩეროთ, თუ ყოველი არა, ყოველი მეორე მაინც გეტყვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება უსუსურია (უნიათოა). ზოგი ამას თავსმოხვეული კოჰაბიტაციით ხსნის, ზოგიც ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური ნების უქონლობას უკავშირებს, არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკა არ იცის და იგი ქვეყანას როგორც შპს-ს ისე უყურებს და შესაბამისად, ბიზნესის მეთოდებით მართავს!
რომ არაფერი ვთქვათ დღევანდელ მთავრობაზე (რომელიც განახლებული მთავრობის წარდგენის შემთხვევაშიც თითქმის იგივეა) და ღარიბაშvილის მართვის სტილის არაეფექტურობაზე, ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც იგივე სურათის მოწმე ვიყავით და დღევანდელი პრემიერის (თუ პრემიერობის კანდიდატის) მართვის სტილი ექს-პრემიერის სტილის იდენტურია.
საზოგადოება მეტ-ნაკლებად გაგებით ეკიდებოდა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, საკვანძო თანამდებობებზე კადრები ერთგულების ნიშნით დაეკომპლექტებინა, რადგან „ნაციონალური“ რევანშის აშკარა საფრთხე არსებობდა. სწორედ ამ ნიშნით შეარჩია მან თავის შემცვლელად გამოუცდელი (პოლიტიკურად უმწიფარი) ღარიბაშვილიც, რომელმაც ერთგულება აშკარად დაუმტკიცა, მაგრამ მართვის ლაბირინთებიდან გამოსვლა ვერ შეძლო - ღარიბაშვილის ხისტი გამონათქვამები, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს ივანიშვილის ლექსიკას, საკმარისი არ აღმოჩნდა რეალურად ხელში აეღო მართვის ბერკეტები და ერთიანი, მიზანმიმართული გუნდის შთაბეჭდილება შეექმნა. ფაქტია, რომ სუსტი პრემიერი ასევე სუსტი მინისტრების გვერდით უფრო მეტს ვერ გააკეთებდა!
ცალკე საუბრის თემაა ნეპოტიზმი (კადრების შერჩევის არასწორი პრაქტიკა) და ის კორუფციული სქემები, რომელზეც ხმამაღლა საუბრობენ უკვე საზოგადოებაში. ძნელია საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობს, როცა ეს-ესაა თავზე დაგვენგრეს ყველაფერი.
ასევე, ცალკე საუბრის თემაა ახალი ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები, რომელმაც თავისი სულისკვეთებით წინამორბედისას არათუ დაეწია, ზოგიერთ შემთხვევაში გაუსწრო კიდეც!
თუ ობიექტურად განვსჯით, ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორებიც, მაგრამ საკამათო არ არის, რომ ლომის წილი მთავრობის უსუსურობაზე, სახელმწიფოებრივი მართვის დეფიციტზე და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, პოლიტიკური ნებელობის არქონაზე მოდის!
ეს ყველაფერი ამ ბოლო დღეების სამთავრობო აიწონა-დაიწონამ კიდევ ერთხელ დაადასტურა!
რა შუაშია თინა ხიდაშელი?!
საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რატომ გაიპარნენ ღარიბაშვილის მინისტრები და რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი პრაქტიკულად იგივე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, მითუმეტეს, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის გამოსახლების თაობაზე ატეხილი ისტერია.
საზოგადოება ირონიით შეხვდა მინისტრთა გადადგომის ოფიციალურ ვერსიებს, მაგრამ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის კანდიდატად დასახელება. ეს მარტო იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრად ქალი პოლიტიკოსი შემოგვთავაზეს, არამედ, იმიტომ, რომ მისი დასახელება ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრა, იმ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში თინა ხიდაშელი საკმაოდ მიუღებელ კონტექტში მოიხსენია და სადაც სამართალია, ან ღარიბაშვილს უნდა დაეტოვებინა ივანიშვილის გუნდი, ან თავად თინა ხიდაშელს თავისი დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად.
ეს არ გაკეთდა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა ბინძური ადამიანების ხელში და საკუთარი მიზნების მისაღწევად ეშმაკსაც კი შეეკვრებიან!
ამას რომ თავი დავანებოთ, ხიდაშელის გამინისტრება აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკამ თავდაცვის სფეროში საკუთარი გავლენა ისევ დაიბრუნა. მეორეც, აგულაშვილ-ხიდაშელის გამინისტრებით „რესპუბლიკელების“ გავლენა დღევანდელ ხელისუფლებაში მკვეთრად იზრდება, მესამეც, საკუთარი გუნდის გარეშე დარჩენილი ღარიბაშვილი კიდევ უფრო უსუსური ხდება!
თავი დავანებოთ იმასაც, რომ ივანიშვილმა საკუთარი ფავორიტი საბოლოოდ გაწირა. უფრო საგანგაშოა, რომ ამ იძულებითი თუ თავსმოხვეული ნაბიჯით ხელი შეუწყო იმ პოლიტიკური ძალის გაძლიერებას, რომლის მიმართაც საზოგადოებაში ნდობა ფაქტიურად ნულის ტოლია!
ცალკე საუბრის თემაა თუ რისთვის დასჭირდა „შპს საქართველოს“ ფაქტიურ დირექტორს ასეთ ტრიუკები (მინისტრთა კაბინეტისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადება), მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ქვეყანა რაღაც სერიოზულის მოლოდინში უნდა იყოს!
და ბოლოს: შეიძლება არ მოგვწონს თავდაცვის მინისტრად „რესპუბლიკელი“ ხიდაშელი, მაგრამ რა შუაშია ხიდაშელი?!
ზაურ ნაჭყებია