მორალური შეტევა საქართველოს წინააღმდეგ და პატრიარქის სტრატეგიული აზროვნება
სწორედ ასე შეიძლება, შეფასდეს, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმული გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება, ამერიკელების მითითებით, მფარველობას უწევს დამნაშავე სააკოიდური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენლებს, პირადად სააკაშვილის ჩათვლით. მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი იყო ის, რომ სააკაშვილი თავს აზერბაიჯანის დედაქალაქში ამოჰყოფდა, თანაც პრეზიდენტ ალიევის მიწვევით, რათა საქართველოს მისამართით დამცინავი განცხადებები გაეკეთებინა. სად, თუ არა აზიურ აზერბაიჯანში უწყიან, რომ ასეთი ნაბიჯი პირდაპირი შეურაცხყოფაა მეზობელი სახელმწიფოსათვის და მისი ხელმძღვანელობისთვის, ამ შემთხვევაში – საქართველოსთვის. მაგრამ ალიევმა ეს ნაბიჯი გადადგა.
ამას დაემატა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, გალუსტ სააკიანის მიერ სამხრეთ ოსეთის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ბიბილოვის მიღება. არც ამ შემთხვევაშია სავარაუდებელი, რომ სომხეთის ხელისუფლებას არ ესმოდეს, რას ნიშნავს ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ სომხეთმაც გაუბედა საქართველოს პროვოკაცია.
ამ დროს კი რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? ფაქტები: საქართველოს მთავრობის "საუკეთესო მინისტრად" მიჩნეული, "რეცეპტომანიით" შეპყრობილი ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო უკრაინაში მიემგზავრება იქაური ანტიქართული ხელისუფლების მიმართ რევერანსების გასაკეთებლად. სერგეენკო მონაწილეობას ღებულობს "ინვესტორთა ფორუმში", თითქოს საქართველოს რაიმე ინვესტიციის განხორციელების თავი ჰქონდეს, შემდეგ კი, როგორც ინტერნეტში ვიხილეთ ფოტოები, უკრაინული წარმოშობის ქართველი მინისტრი საქართველოს საელჩოში ხვდება "ნაცების" დროინდელ ჯანდაცვის მინისტრს, ამჟამად უკრაინის "აღმშენებლობაზე" მოამაგე კვიტაშვილს. არა მხოლოდ ხვდება, არამედ "ჩახუტების" ფოტოებს იღებს მასთან და კბილებდაკრეჭილი იბადრება.
აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია არანაკლებ სამარცხვინოა. ალიევს მთლიანად "გაუტარეს" თავხედობა და პროვოკაცია. დიპლომატიური ნოტაც კი ვერ აკადრეს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, სომხეთის ხელისუფლებამაც მოუსინჯა კბილი საქართველოს ხელისუფლებას და სააკაშვილის ასოციაციის გამოსაწვევად, სააკიანს, მოაწვევინა ოსური ხელისუფლების წარმომადგენელი. საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ შემთხვევაშიც მეტად პასიური და უღიმღამო გამოდგა. სომხეთსაც ისევე შერჩება პროვოკაცია, როგორც უკრაინასა და აზერბაიჯანს.
აქვე აუცილებლად მინდა, აღვნიშნო: ეს ფაქტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ქართულ საზოგადოებაში ანტიუკრაინული, ანტიაზერბაიჯანული და ანტისომხური განწყობების საწინდარი. უკრაინას დღესდღეობით სუვერენიტეტი დაკარგული აქვს, მისი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხაზინა თითქმის ცარიელია, ყირიმი და ინდუსტრიულად უმნიშვნელოვანესი დონბასი – დაკარგული. ყველანი ვხვდებით, რომ "ნაციონალების" პარპაში უკრაინაში ამერიკელების დაკვეთაა, რომელსაც ერთგულად ასრულებს კიევის მარიონეტული ხელისუფლება. ხოლო თუ რაში სჭირდებათ ამერიკელებს "ნაციონალების" გადარჩენა, ამაზე ადრეც ბევრჯერ დავწერეთ და ამჟამად აღარ შევაჩერებთ ყურადღებას.
აზერბაიჯანი, თავის მხრივ, საკუთარ ინტერესებს მისდევს, ისევე, როგორც სომხეთი. მათ ადგილზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო მოახდენდა საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას საქართველოს წინაშე, რომელიც ბაქოდან, ერევნიდან და თვით არეულ-დარეული კიევიდანაც კი ისე ჩანს, რომ ქაოსის პირას დგას. ამიტომ, გაბრაზება უკრაინელ, აზერბაიჯანელ და სომეხ ერებზე უაზრობაა. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რით უნდა ვუპასუხოთ მეზობელი სახელმწიფოების გათავხედებას და არ ავყვეთ ნაციონალისტურ, ქსენოფობურ გრძნობებს.
სამწუხაროდ, ამაზე დაფიქრებას არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები ყველაზე უფრო ხშირად, სიტყვას "უნიათო" უწოდებენ. ხელისუფლება, ელემენტარულად, ტურისტების დაცვას ვერ ახერხებს "ნაციონალების" ბანდიტებისაგან, რომლებმაც თვითნებურად გამოაცხადეს წმ. გიორგის ორდენის ბაფთა – გამარჯვების სიმბოლო "ოკუპაციის სიმბოლოდ" და რუს ტურისტებს ამ ბაფთებს ძალადობრივი გზით ართმევენ, ამით კი საფრთხეს უქმნიან მთელ ტურისტულ ინდუსტრიას საქართველოში, რომელიც ჩამკვდარი იყო და სწორედ რუსმა ტურისტებმა გამოაცოცხლეს ორი წლის წინ. ან, ელემენტარულად, თბილისის მერიას ის ვერ გაუბედავს, რომ მარჯანიშვილის ხიდის ულამაზესი მოაჯირი, ახალაიას ნაბიჭვრების მიერ არშემდგარი სახელმწიფო უკრაინის დროშის ფერებად გადათხაპნილი, ისევ შეღებოს ნორმალურად. ამისთანა ხელისუფლებისაგან, რომელიც რამდენიმე ნაბიჭვარს ვერ უმკლავდება, რას უნდა ველოდოთ? ესენი გაუბედავენ რამეს ალიევს? რა თქმა უნდა, არა.
საქართველოს სჭირდება სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად მოაზროვნე ერთი კაცი მაინც, მთავრობაში. ქალბატონი საგარეო საქმეთა მინისტრის ბერუჩაშვილისადმი პატივისცემის მიუხედავად, არის ეს ქალბატონი ამ სტილის პოლიტიკოსი? სასაცილოა. სხვა მინისტრებზე ხომ არაფერს ვიტყვი. ჯერ–ჯერობით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ასეთი სტრატეგის ფუქციას ჩვენი ეკლესიის მეთაური, მისი უწმინდესობა, ილია მეორე ითავსებს, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოსათვის რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობა, რაც არ გამორიცხავს კეთილ ურთიერთობებს სხვა მეზობლებთან, არამედ პირიქით, ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილზე: აზერბაიჯანს აღარ ექნება მონოპოლია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე და მეტი ყურადღებით მოეპყრობა საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობას, რადგან საქართველოს გარეშე აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე მიჯაჭვული, რუსეთსა და ირანს შორის გამოკიდებული სუსტი სახელმწიფოა, სომხეთის სისუსტეებზე კი საუბარიც ზედმეტია, იმდენად აშკარაა. ასე რომ, უფრო მეტად დავუჯეროთ ჩვენს პატრიარქს, ვიდრე გამყიდველ პოლიტიკოსებს!
გულბაათ რცხილაძე