რატომ ემუქრება ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს?

რატომ ემუქრება ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს?

სააკაშვილის ექს-შინაგან საქმეთა მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი ამ ბოლო დღეებში განხორციელებულ დაჭერების სერიას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და განსაკუთრებული ყურადღება მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისა და ბოლოს თბილისის ვიცე-მერის, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი მეგობრის შოთა ხიზანიშვილის დაპატიმრებაზე გაამახვილა. მისი აზრით, ხიზანიშვილის დაკავება მერაბიშვილზე ზეწოლის მოტივით განხორციელდა.


ექს-პრემიერი არწმუნებს ივანიშვილს, რომ ნუ ექნება იმედი, ასეთი ნაბიჯებით მათში შიშს დათესავს. პირიქით, ახალი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება "ნაცმოძრაობას" კიდევ უფრო გააძლიერებს. ყველაზე საინტერესო იყო ბრიფინგის ფინალი, სადაც ვანო მერაბიშვილი ჯარისკაცურ პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ადამიანების გასანთავისუფლებლად და საზოგადოებას დაანახვებს, "რა საშიშ ტენდენციებთან გვაქვს საქმე".


სხვათა შორის, ეს ის მერაბიშვილია, ბიძინა ივანიშვილმა პირველი პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას საუკეთესო მენეჯერად რომ მოიხსენია და ურჩია მას, საფლავში არ ჩაყოლოდა სააკაშვილის ხელისუფლებას. აღნიშნული განცხადების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერაბიშვილი სააკაშვილს უღალატებდა და ივანიშვილის კარზე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ვარაუდი არ გამართლდა _ მერაბიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების ხერხემალს წარმოადგენდა, ისევ მშვიდად ინარჩუნებდა თავის პოზიციებს სააკაშვილის მთავრობაში.


სხვათა შორის, მერაბიშვილის პოზიციების დასუსტებაზე მაშინაც ალაპარაკდბნენ, როცა ის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. თუმცა, ბევრი მას არა დაწინაურებად, არამედ მისი პოზიციების დასუსტებად აფასებდა. ამბობდნენ იმასაც, რომ სააკაშვილი მას ბოლომდე არ ენდობოდა და მისი დაბალანსება ბაჩო ახალაიას გაძლიერებით სცადა. საზოგადოება მუდმივ მოლოდინში იყო, გადახტებოდა თუ არა "კარგ მენეჯერად" წოდებული მერაბიშვილი ივანიშვილის ნავში, მაგრამ მან საზოგადოების იმედები გააწბილა.


არჩვენებამდე რამდენიმე ხნით ადრე ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ   მერაბიშვილის ადგილი მის მომავალ მთავრობაში არ იქნებოდა და ამით წერტილი დაუსვა საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვს ივანიშვილ-მერაბიშვილის ფარულ სიმპათიებზე.


ეჭვი არ იყო, რომ არჩევნების შემდეგ "ნაცები" მერაბიშვილს უფუნქციოდ არ დატოვებდნენ და მას ფრიად საპასუხისმგებლო მისია _ "ნაცმოძრაობის" გენმდივნობა დააკისრეს. ცხადია, დღეს ეს ის ვანო არ არის, რაც საზოგადოებას მისი შინაგან საქმეთა მინიტრობისას ახსოვს, მაგრამ, თუ მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებით ვიმსჯელებთ, "ახალი ხელისუფლება მას ვერ შეაშინებს".


არ გვგონია, ამ შემთხვევაში ის გულწრფელი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია მერაბიშვილის "დამსახურება" იმ დანაშაულობების პროვოცირებასა და ხელშეწყობაში, რაც მისი მინისტრობის დროს ხდებოდა საქართველოში.


აქედან გამომდინარე, სრულიად დასაშვებია, დაჭერების კვალი მერაბიშვილმდეც მივიდეს, თუ რა თქმა უნდა, მას სათანადო გარანტიები არ აქვს მიღებული მისი ადრინდელი მფარველებისგან.


ძნელი მისახვედრია, როგორ აპირებს იგი თავისი მეგობრებისა და თანამებრძოლების პატიმრობიდან განთავისუფლებას, მაგრამ გამორიცხული სულაც არ არის, საბრალდებო სკამზე თავად მერაბიშვილც აღმოჩნდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: