დღეს გალაკტიონის იუბილეა
დღეს ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავი აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით არა ერთი ღონისძიება არის დაგეგმილი.
დღეს გაიხსნება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური დაფა კოტე მარჯანიშვილის #4-ში, იმ სახლის შესასვლელში, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა პოეტი.
გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გოგი ხარაბაძემ პოეტის ლექსების აუდიო-ვიდეო ანთოლოგია ჩაწერა. კრებულში შესულია გალაკტიონ ტაბიძის პოეზია, პროზა, მოგონებები და დღიურები. კრებულში აუდიო დისკებთან ერთად 2 ვიდეო დისკიც არის შესული. კრებულის პრეზენტაცია "წიგნის სახლი ბახტრიონზე" შაბათს 2 საათზე გაიმართება.
ვიდეო დისკებზე გოგი ხარაბაძემ გალაკტიონ ტაბიძის მიერ დაწერილი საკუთარი ბიოგრაფიის ჩაწერის პროცესი გადაიტანა.
ლიტერატურულ მუზეუმში გალაკტიონ ტაბიძის ბევრი პირადი ნივთი ინახება: საჯარო ბიბლიოთეკის საშვი, საპენსიო წიგნაკი, სამგზავრო ბილეთი, წყალტუბოს სამკურნალო ბარათი, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ცნობა და სიგარეტის კოლოფებიც კი.
ეს ნივთები მუზეუმში 1960 წლიდან არის დაცული. მას შემდეგ, რაც გალაკტიონი გარდაიცვალა, მუზეუმმა ეს ნივთები პოეტის ოჯახიდან შეიძინა. სულ მალე ინტერნეტ სივრცეში გაჩნდება გალაკტინ ტაბიძის ვებ-გვერდი, სადაც პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მისი ყველა ლექსის წაკითხვა და ლიტერატურულ მუზეუმში დაცული ნივთების დათვალიერების საშუალება ექნებათ.
გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავი მის მშობლიურ სოფელ ჭყვიშიც აღინიშნება.