ირაკლი ღარიბაშვილი:"ჰილტონის" მშენებლობის პროექტზე მუშაობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბათუმში სასტუმრო "ჰილტონის" მშენებლობის პროექტი წლების განმავლობაში გაჩერებული იყო და მასზე აქტიური მუშაობა სწორედ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. პრემიერმა ღარიბაშვილმა ამის შესახებ ბათუმში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რითაც დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ "ჰილტონის" პროექტის განხორციელება წინა ხელისუფლების მიერ დაიწყო.
"მოგესალმებით ახლად გახსნილ სასტუმრო "ჰილტონში". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი, მნიშვნელოვანი, 130 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელიც წარმატებით დასრულდა. დღეს სადაო გახადეს, თუ ვის დროს დაიწყო ეს პროექტი და სასტუმრო ვის დროს გაიხსნა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ გაიხსნა და ყველას გილოცავთ, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს პროექტი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო - უნდა დაწყებულიყო 2008 წელს. შემდეგ 4 წლის განმავლობაში გაჩერდა და აქტიური სამუშაოები დაიწყო მას მერე, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვინაიდან რაღაც პრობლემები იყო მოსაგვარებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.