სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატარიფო განაცხადი, რომლის თანახმადაც, კომპანია თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა.
სატარიფო განაცხადის განხილვის შემდეგ, სემეკ-მა წარმოადგინა საკუთარი დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც, თბილისში დღეს მოქმედი წყლის ტარიფები თითქმის უცვლელი დატოვა. მხოლოდ გარკვეული კომპონენტებში მოხდა მცირედი გადანაწილება. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში სემეკ-მა საკუთარი დადგენილების პროექტში დედაქალაქის წყლის ტარიფი იგივე წარმოადგინა. სხდომაზე სემეკ-ის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი კენჭისყრის შედეგად მიიღეს.
როგორც სხდომაზე მყოფმა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი არ ეთანხმებიან სემეკ-ის გადაწყვეტილებას, საკუთარ მოსაზრებებს კომპანია წერილობით გაავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართვის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 15 იანვარს დაიწყო.
რაც შეეხება დღეს თბილისში მოქმედ წყლის ტარიფებს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრიდან, სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფები თბილისის მოსახლეობისთვის შეადგენს - უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) თვეში 3.14706 ლარი 1 სულზე; მრიცხველით მოხმარებისას 0.2655 ლარი 1მ3-ზე, აქედან, 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი - 0.22538 ლარი, ხოლო 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი - 0.04012 ლარი.
კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება, მომსახურების საფასურს 2,4 ლარის ოდენობით იხდის.
რაც შეეხება მომსახურების ტარიფს ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის: სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის შეადგენს 4,4 ლარს 1მ3-ზე, აქედან, 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი - 3,5 ლარი, ხოლო 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი - 0,9 ლარი.
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ, საპროგნოზო გაანგრიშების საფუძველზე, 2015 წლისთვის მოთხოვნილი იყო წყალმომარაგების შემდეგი ტარიფები, დღგ-ს ჩათვლით - გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 0.313 ლარი 1მ3-ზე; გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 3.70 ლარი 1 სულზე თვეში და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 4.40 ლარი 1მ3-ზე.