აზიმ სადიკოვი ლარის კურსსა და ზოგადად, საქართველოს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი ლარის კურსსა და, ზოგადად, საქართველოს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ამის შესახებ სადიკოვმა BPN-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სადიკოვმა ინტერვიუში განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში გარე შოკებისადმი საუკეთესო რეაგირება ლარის მცურავ და საჭიროებისამებრ, გაუფასურების რეჟიმში შენარჩუნებაა.
"ამით იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ გაცვლითმა კურსმა შეისრუტოს შოკის უმეტესი წილი და რეალური ეკონომიკა ზეწოლისგან დაიცვას, თუმცა ისეთ ძალზედ დოლარიზებულ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გაუფასურება მეტწილად გულისხმობს მდგომარეობის დამძიმებას დოლარში კრედიტების მქონე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.მათზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ვალის მომსახურება ლარში უფრო ძვირი უჯდებათ. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანია, გავიგოთ, როგორ ართმევენ ისინი თავს ამ შოკს და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ტკივილის შესამსუბუქებლად - ნაწილობრივ მაინც", - განაცხადა სადიკოვმა.