მხოლოდ მაღალი ზნეობის მქონე ადამიანს აქვს უნარი, იყოს თავისუფალი

მხოლოდ მაღალი ზნეობის მქონე ადამიანს აქვს უნარი, იყოს თავისუფალი

ბიზნესმენი ლევან ვასაძე "არანორმატიული სექსუალური ცხოვრების" წესის, "პორნოგრაფიული პროპაგანდისა" და "ამორალური გადაცემების" შესახებ , საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და უზენაეს სასამართლოს მივმართავს. განცხადებას რომელსაც ვასაძემ სოციალური ქსელით ავრცელებს უცვლელად გთავაზობთ "ჩვენ, მსოფლიო საოჯახო კონგრესი (World Congress of Families) საქართველოს ოჯახისა და სიცოცხლის დაცვის (აბორტის საწინააღმდეგო) მოძრაობასთან ერთად წარმოვადგენთ მსოფლიოს კეთილი ნებისა და მშვიდობის ორგანიზაციების უდიდეს ალიანსს, რომელიც მხარს უჭერს ბუნებრივ ოჯახს, როგორც საზოგადოების ერთადერთ და მდგრად ერთეულს (გაერო, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 16-3). ჩვენი ალიანსი ეყრდნობა ტრადიციულ ადამიანურ ღირებულებებს და სათნოებებს, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის სიწმინდეს და ღირსებას, რაც განსაზღვრულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (1948 წ.). ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ვფლობთ გაეროს სპეციალურ საკონსულტაციო სტატუსს გაეროს ეკონომიკური და სოციალურ კომიტეტთან თანამშრომლობისთვის და ვმუშაობთ ოჯახისა და სიცოცხლის დაცვის 500-ზე მეტ ორგანიზაციასთან მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. ყოველწლიურად ვატარებთ რამდენიმე რეგიონულ კონფერენციას და ჩავატარეთ შვიდი ოფიციალური საერთაშორისო კონგრესი: პრაღაში (1997), ჟენევაში (1999), მეხიკოში (2003), ვარშავაში (2007), ამსტერდამში (2009), მადრიდსა (2012) და სიდნეიში (2013), რომელშიც მონაწილეობას იღებდა ათასობით დელეგატი. ჩვენს ღონისძიებებში ხშირად იღებენ მონაწილეობას აკადემიური მკვლევარები, წამყვანი პროფესიონალები და კერძო მეწარმეები, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები, ოჯახის დაცვის აქტივისტები, მოაზროვნეები, მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

2014 წელს საქართველოში ჩატარებული ჩვენი პირველი რეგიონალური კონფერენციის შემდეგ პატივი გვქონდა წინა კვირას თბილისში ჩაგვეტარებინა მეორე რეგიონული კონფერენცია. და თუმცა ჩვენ მეტად გვახარებს თანამშრომლობა საქართველოში ოჯახის, ტრადიციული ფასეულობებისა და სათნოებების მხარდამჭერ, როგორც პოლიტიკურ ასევე საზოგადოებრივ აქტივისტებთან, რომელთა შეხედულებები ეყრდნობა თქვენს დახვეწილ, უძველეს და უნიკალურ კულტურას, თავს მოვალედ ვთვლით გაგიზიაროთ შემდეგი მოსაზრებები და წინადადებები: - საქართველო, სადაც, სამწუხაროდ, უკიდურესად მწვავე დემოგრაფიული კრიზისია, საჭიროებს ბევრად უფრო ქმედით სიცოცხლის მხარდამჭერ (აბორტის საწინააღმდეგო) საკანონმდებლო და სამთავრობო პოლიტიკას ადამიანის სიცოცხლის სიწმინდისა და ღირსების დასაცავად ჩასახვიდან ბიოლოგიურ სიკვდილამდე; -ეს კი ნიშნავს ოჯახის მხარდასაჭერად ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას, განსაკუთრებით ქვეყნის დემოგრაფიული ვარდნის რეგიონებში, საგადასახადო შეღავათების დაწესებას ბიზნესებისათვის, რომელთაც სურთ მხარი დაუჭირონ ოჯახს ქველმოქმედებითა, თუ დასაქმებით, და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ცხოვრების სტილის წახალისებას, რომელიც აგებულია საოჯახო ღირებულებებისა და სათნოებების გარშემო და არა ეგოისტურ, არამდგრად და არანორმატიულ ფსევდო-ფასეულობებზე; – ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა საპირისპიროდ შეიცვალოს ქვეყანაში არსებული პრაქტიკა აბორტებსა (სამწუხაროდ, საქართველო მსოფლოში ერთ-ერთი ლიდერია უშობელი ბავშვების სიკვდილიანობაში მოსახლეობის რაოდენობასთან პროცენტული შეფარდებით) და კონტრაცეფციაში, შეწყდეს ტრადიციების საწინააღმდეგო და ოჯახის საწინააღმდეგო ფასეულობების წახალისება–განდიდება, არანორმატიული სექსუალური ცხოვრების წესისა და პორნოგრაფიის პროპაგანდის ჩათვლით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გახსნილი კაზინოების და აზარტული თამაშების გაუთავებელი რეკლამა, ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაციის მოწოდებები, ამორალური და ნიჰილისტური სატელევიზიო გადაცემები, რომელთა მიზანია ახალგაზრდა ქართველთა ცინიკური თაობის აღზრდა, რომელსაც არ ექნება არავითარი პასუხისმგებლობა ბუნებრივი ოჯახისა და საზოგადოებრივი ზნეობის მიმართ, რაც მათ მყარ საძირკველს უზრუნველყოფს; – უაღრესად შევწუხდით,როდესაც ეგრეთწოდებული, ანტიდისკრიმინაციული კანონის ქართულ ვერსიას გავეცანით, რომელიც თქვენმა პარლამენტმა შარშან მიიღო. ეს კანონი, თავისი აგრესიულობით, თავის ევროპულ ანალოგებსაც კი აჭარბებს, რადგან საქართველოში ის საყოველთაო ხასიათს ატარებს, მაშინ როდესაც ევროპაში ის მხოლოდ დასაქმების სფეროს ეხება. დაბეჯითებით მოგიწოდებთ გაიგოთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებები, რელიგიური და კულტურული თავისუფლებების დაცვის გარეშე, ჩვეულებრივ, მხოლოდ პირველი ნაბიჯია დასავლეთის კულტურული იმპერიალიზმის, სექსუალური რევოლუციისა და მომხვეჭელური გლობალიზაციის აგრესიულ საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც მიმართულია გლობალური კაპიტალისტების სამომხმარებლო ბაზრის გაფართოებისკენ, ტრადიციული ფასეულობებისა და ოჯახის განადგურებისკენ, რასაც, საბოლოოდ, ადამიანები უაზრო ურთიერთგაუცხოებამდე და სრულ დეპრესიამდე მიჰყავს. იყო თუ არა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მიღებული კანონი რეაქცია ე.წ. "რეალურ" დისკრიმინაციაზე საქართველოში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ასი მეტრის რადიუსში, ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას და ყოველგვარი დევნის გარეშე თანაარსებობს ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი, თუ ეს კანონი წარმოადგენდა დასავლეთისგან აღებულ ქრთამს, რომელსაც მხარს უჭერდნენ ლობისტები და პროპაგანდისტები ზოგიერთი დასავლური საელჩოებიდან და მათი, უხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები? დიდი ამერიკელი გამომგონებლისა და სახელმწიფო მოღვაწის ბენჯამენ ფრანკლინის სიტყვები გვახსენდება: "მხოლოდ მაღალი ზნეობის მქონე ადამიანს აქვს უნარი, იყოს თავისუფალი. რაც უფრო ირყვნება და ბიწიერი ხდება ერი, მით მეტად საჭიროებს მბრძანებელს... კანონები ზნეობის გარეშე ამაოა"; – ჩვენ ასევე გვაშფოთებს ახალი სასკოლო პროგრამები, რომლების შემოტანასაც გეგმავს მომავალში თქვენი მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო ბუნებრივი ოჯახის მოწინააღმდეგე, მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერით, როგორებიცაა უნისეფი (UNICEF,) გაეროს მოსახლეობის ფონდი (UN PopulationFund) და სხვ. ეს ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები, გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის საფარქვეშ ცდილობენ შეზღუდონ მშობლის უფლება, შთააგონოს შვილს ღირებულებები, სათნოებები და რწმენა და წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-3 მუხლის პირდაპირ დარღვევას, რომლის მიხედვითაც "მშობლებს აქვთ პრიორიტეტული უფლება აირჩიონ, რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის". ეს თანამედროვე პროგრამები აცხადებენ, რომ მიზნად ისახავენ თქვენი შვილების მომზადებას თანამედროვე ცხოვრებისთვის, ან მათთვის იმის სწავლებას თუ როგორ გახდნენ უკეთესი მოქალაქეები, მაგრამ სინამდვილეში გარდაიქმნებიან თქვენი შვილებისათვის ეგოისტური მომხმარებლობის, გლობალური შეუზღუდავი კაპიტალიზმისა და სექსუალურ რადიკალიზმის მომწოდებლებად. ამ ახალი სასწავლო პროგრამების დიდი ნაწილი ასევე პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლს, სადაც აღნიშნულია, რომ განათლება მიმართული უნდა იყოს "ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისკენ" მისი ხასიათის ჩამოყალიბებისას ფასეულობებისა და სულიერი განვითარების ჩათვლით. თავს უფლებას მივცემთ შევახსენოთ მათ ლიდერებს, რომ საქართველო არის გაეროს წევრი 193 ეროვნული სახელმწიფოთაგან ერთერთი და ვალდებულია დაიცვას და ცხოვრებაში განახორციელოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

 

პატივცემულო საქართველოს მმართველებო! იამაყეთ და დაიცავით შესანიშნავი ქართველი ერი და ის ადამიანური და ოჯახური ტრადიციები, რომლებიც ასე სათუთად არის შემონახული საქართველოში. საქართველოში არსებული ეს მარადიული ჭეშმარიტება და უნივერსალური ფასეულობები დღეს მკვეთრად არის შესუსტებული ევროპასა და დასავლეთის დემოკრატიებში, რომლებიც უარყოფენ საკუთარი, იუდეურ-ქრისტიანული ფასეულობებისა და მორალის ისტორიულ საფუძვლებს. მოხარული ვართ, რომ თქვენი ხალხი ევროკავშირთან, ამერიკასთან და დასავლეთთან ერთად იმუშავებს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და დემოკრატიის მშენებლობის საკითხებში. თქვენი კულტურა ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე წარმოადგენდა უდიდესი ადამიანური პროგრესის ნაყოფს და კაცობრიობას შესძინა ღვინო და ხორბალი, ამირანი – პრომეთე და მედეას მედიცინა. თქვენმა ცივილიზაციამ კიდევ ერთხელ უნდა ასწავლოს დანარჩენ მსოფლიოს ადამიანის ის ძირითადი უფლება, რომელსაც გამოხატავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 16-3 მუხლი, რომ "ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან".

 

თავისუფლებისა და დემოკრატიის დიდი ამერიკული ექსპერიმენტის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა მთავრობისა და ხალხისადმი თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში თქვა: "ყველა იმ წეს-ჩვეულებას შორის, რომელიც განაპირობებს პოლიტიკურ კეთილდღეობას, უმთავრესი საყრდენია რელიგია და ზნეობა. ფუჭია ადამიანის პრეტენზია პატრიოტიზმზე, თუ ის არყევს ადამიანური ბედნიერების ამ ორ უდიდეს სვეტს".

 

მსოფლიო ცხოვრობს დასავლური ლიბერალიზმის, გლობალიზმისა და რადიკალიზმის მიერ ტრადიციულ, ადამიანურ ფასეულობებსა და ღირსებებზე ორგანიზებული უპრეცედენტო შეტევის ეპოქაში, რომელიც "ადამიანის უფლებათა" ყალბი დროშით შენიღბული ცდილობს, საკუთარი ძირგამომთხრელი დოქტრინები მოახვიოს თავს ისეთ ტრადიციულ საზოგადოებებს, როგორიც თქვენია. დაიცავით თქვენი უნიკალური კულტურა, ტრადიციები და ფასეულობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საშიშროების წინაშე დადგება, ვიდრე "ადამიანური ბედნიერების უდიდესი სვეტების" – რელიგიისა და მორალის მოშლაა, რომელიც, პროგრესისა და გლობალიზაციის სახელითმიმდინარეობს. გამოიჩინეთ ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი და უფალი დაგაჯილდოვებთ თქვენი ქმედებებისთვის!

 

გთხოვთ, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ნებისმიერ, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში. მადლობას მოგახსენებთ ჩვენი დეკლარაციის გულდასმით განხილვისთვის. უფალმა დალოცოს საქართველო!",-ნათქვამია განცხადებაში

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: