დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 83 მილიონ დოლარზე მეტია

დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 83 მილიონ დოლარზე მეტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი პროექტ "აქსის თაუერსის" ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ტყუპი ცათამბჯენის ტერიტორიაზე გაიმართა.

მშენებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. პრეზენტაციას ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და  კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, "აქსის თაუერსი" 147 მეტრი სიმაღლის იქნება და მისი კონცეფცია მოიცავს როგორც ხუთვარსკვალიანი სასტუმროს, ასევე საცხოვრებელი ბინებისა და ოფისების მშენებლობას. მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41 მეტრიანი ცათამბჯენით იქნება წარმოდგენილი, საიდანაც ერთი შენობა შუშის, მეორე კი ქვის მასალის იქნება. კომპლექსში დაგეგმილია ასევე საცურაო აუზის, საკონცერტო დარბაზების, ფიტნეს ცენტრის, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელის განთავსება. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ქუჩის შექმნაც, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს.

 

"ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 83 მილიონ დოლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ აქ ათასამდე ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის საოფისე ფართებს, ასევე გვექნება საცხოვრებელი ბინები და რაც განსაკუთრებულად აღსანიშნავია,  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეს მშენებლობა შეჩერებული იყო და მისი განახლება კომპანია "აქსისმა"  თანაინვესტირების ფონდთან ერთად დაიწყო. ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი და ჩვენს ქალაქს შეემატება კიდევ ერთი ლამაზი შენობა" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"აქსის თაუერსის" პროექტს კომპანია "აქსისი" და თანაინვესტირების ფონდი ერთობლივად ახორციელებენ.  მრავალფუნქციური კომლექსის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: