რა კრიტერიუმით არჩევს ივანიშვილი მინისტრებს?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი მარგველაშვილის დანიშვნა მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. მას ადრე იცნობდნენ, როგორც ჯიპას (სახელმწიფო მართვისა და ჟურნალისტიკის განვითარების ეროვნული ცენტრი) ხელმძღვანელსა და "არაორდინალურ" ექსპერტს, რომელიც გარდა განათლების სისიტემის რეფორმისა, ყველაფერზე აკეთებდა კომენტარს.
ეტყობა, სწორედ არაორდინალურობის გამო შეირჩა იგი ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო სფეროს ხელმძღვანელად. საზოგადოება ელოდა, რომ მარგველაშვილი მინისტრად წარდგენისას წარმოადგენდა საკუთარ კონცეფციას, თუ როგორ წარმოედგინა მას საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა, იმ სისტემისა, რომელიც "ნაციონალებმა", ფაქტობრივად, დაანგრიეს. აქ იგულისხმება არა მარტო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მექანიკური შემცირება, არამედ საზოგადოდ განათლების სისტემის სრული იგნორირება, რაც სრულფასოვანი სპეციალისტის მომზადების საშუალებას არ იძლევა.
ის, რომ ტრადიციული, ანუ კომუნისტებისდროინდელი განათლების სისტემა თანამედროვე მოთხოვნებს არ პასუხობდა, მტკიცებას არ საჭიროებს, მაგრამ მისი სრული მოსპობა და სისტემის ფუნდამენტის გარეშე დატოვება ხეირს რომ არ დაგვაყრიდა, "ნაციონალებმა" შესანიშნავად იცოდნენ. სხვათა შორის, ეს კარგად იცოდა "ნაცების" ოდიოზურმა მინისტრმა კახა ლომაიამ, რომელმაც განათლების სისტემას ძირი გამოუთხარა _ მან საერთოდ უარი თქვა ათეულობით წლების მანძილზე შექმნილ-შეკოწიწებულ მემკვიდრეობაზე და საზოგადოებას საკმაოდ ორიგინალური რეცეპტი შესთავაზა, რომელიც არც ფუნდამენტური საშუალო განათლების მიღების საშუალებას იძლეოდა და არც სრულფასოვან სპეციალისტად ჩამოყალიბებისა. განათლების სისტემაში სწორედ ლომაიას ზეობის პერიოდს ემთხვევა სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მექანიკური შერწყმა-გაერთიანება, რასაც ზიანის მეტი არაფერი მოუტანია საქართველოსთვის.
ლომაიას დაწყებული საქმე ბრწყინვალედ გააგრძელა "ნაცების" არანაკლებ ოდიოზურმა ფიგურამ, გია ნოდიამ, რომელმაც სისტემისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა თითქმის ბოლომდე მიიყვანა. რაც შეეხება დიმიტრი შაშკინს, მან თავი დაგვამახსოვრა განათლებაში პოლიციური სისტემის შემოტანით _ სკოლებში ე.წ. მანდატურების ინსტიტუტის შემოღებით, რომელსაც საკმაოდ ნეგატიურად შეხვდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ერთი სიტყვით, გიორგი მარგველაშვილს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო და ახლა მასზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურ სისტემას შექმნის, რომელიც სრულფასოვანი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
სამწუხაროდ, პირველი ნაბიჯები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა _ განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი კარდინალურ ცვლილებებზე არ საუბრობს და მხოლოდ ეპიზოდური განცხადებებით შემოიფარგლება.
მაგალითად, საზოგადოება აქამდე ვერ გარკვეულა იმაში, რას ნიშნავს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასური გაუძვირდებათ _ ეს გაძვირება მშობლების ჯიბის ხარჯზე მოხდება, თუ მას სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. მისი პასუხი იმდენად ბუნდოვანი და ორაზროვანია, რომ სწორი დასკვნის გამოტანა ძნელია. არც იმას ამბობს ღრმად პატივცემული მინისტრი, რა იწვევს სწავლის საფასურის გაძვირებას _ პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასების გაზრდა, თუ სწავლების პროცესში ახალი ელემენტების შემოტანა?!
ასევე აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის სავალდებულო მე-11 და მე-12 კლასის დამთავრება მხოლოდ მათთვის, ვისაც უმაღლესში სწავლის გაგრძელება სურს. ცოტა არ იყოს, ეს გაუგებარიც არის და შეურაცხმყოფელიც. ხომ შეიძლება ახალგაზრდას უმაღლესში სწავლის სურვილი სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაუჩნდეს? რა ქნას ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს მიმართოს, სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლება მომეცითო?!
ერთი სიტყვით, განათლების სისტემას კონცეპტუალური მიდგომები სჭირდება და არა ასეთი ეპიზოდური გადაწყვეტილებები, რომელიც საზოგადოებაში უფრო კითხვის ნიშნებს აჩენს.
აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა კრიტერიუმით შეირჩა ბატონი გიორგი მარგველაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად და, საერთოდ, ვინ ეხმარება ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასეთი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში?!
როგორც წესი, ახალი მთავრობა ახალი პოლიტიკური კურსით უნდა მოდიოდეს და თავისი უპირატესობა, წინამორბედთან შედარებით, საქმით უნდა დაამტკიცოს. მართალია, ჯერ ადრეა, მაგრამ მათი საქმიანობის შეფასების დროც მალე დადგება, თუმცა პირველი ნაბიჯები დაეჭვების საფუძველს უფრო იძლევა, ვიდრე ოპტიმიზმისა.
ზაურ ნაჭყებია