ზურგში - დანა, მუცელში - სამართებელი! ანუ, საით მიგვაქანებს ერთი ჭირის მეორეთი ჩანაცვლების პოლიტიკა?!
ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის (გაუქმების) მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ყოფილი მმართველი პარტიის დანაშაულის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და დროა „ნაცმოძი“ საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ავანსცენიდან.
მათგან განსხვავებით, სხვა პრეტენზიები აქვს გამსახურდიასდროინდელი უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს მირიან მირიანაშვილს, რომელიც ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი და მისი თანამოაზრეების დაფუძნებულია (პირველი თავმჯდომარეც თავად ბრძანდებოდა) და ყველა საჭირო დოკუმენტი მოეპოვება ამის დასადასტურებლად.
მირიანაშვილი არ ერიდება იმის თქმას, რომ ამერიკაში თავის დროზე ნაკურთხი პარტია მიშამ ქურდულად (ხელის გადაგრეხვის და პოლიტსაბჭოს ცალკეული წევრების მოსყიდვის ფასად) შეაწერა და სააკაშვილის ზეობის პერიოდში არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა მის დასაბრუნებლად.
„ნაცმოძის“ ყოფილი მესაკუთრე დარწმუნებულია იმაშიც, რომ დღევანდელი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და პარტიასაც დაიბრუნებს.
საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილი მირიანაშვილის გადაწყვეტილებაში ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს - მათი აზრით, ქართული სასამართლო დღესაც არ არის იმდენად თავისუფალი რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილება მიიღოს.
საქმე ისაა, რომ პარტიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება მარტო ბეჭდის და შტამპის დაბრუნებას არ ნიშნავს - თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მას უბრუნდება პარტიის უძრავ-მოძრავი ქონება და საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტის სტატუსიც, რომელიც დღეს გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ „სახელი“ და „გვარი“ მთლიანად აღებული.
ისმება კითხვა: რატომ დაემთხვა ასე საეჭვოდ ახალგაზრდა უფლებადამცველთა გააქტიურება „ნაცმოძრაობის“ გაუქმების (აკრძალვის) თაობაზე მირიან მირიანაშვილის „რკინისებურ“ ინიციატივას?! და რაც მთავარია, რატომ ემთხვევა ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობიდან“ 4 აქტიური წევრის გასვლას?! (აანონსებენ იმასაც, რომ უახლოეს ხანებში, შესაძლოა პარტია სხვა ოდიოზურმა ფიგურებმაც დატოვონ).
დასკვნა მარტივია: ეს ყველაფერი იაფფასიანი ტრიუკებია საზოგადოების დასაბოლებლად და ყურადღების არარსებით საკითხებზე გადასატანად. ქვეყანას სხვა, უფრო რთული განსაცდელი ელოდება, რომელიც შეიძლება „ნაცმოძრაობაზე“ გაცილებით დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდეს!
ამის სიმპტომები უკვე სახეზეა. ოღონდ, ყველაფერს ლოგიკის ჩარჩოში მოქცევა და გააზრება სჭირდება - უკვე არც ნებაყოფლობით „გამამლუქებული“ მიშაა საქართველოს მოუშორებელი ჭირი და არც „ნაცმოძრაობაა“ გადაულახავი ბარიერი - მთავარი ჭირი წინ გველოდება, მნიშვნელობა არა აქვს, რა სახელითა და გვარით დამკვიდრდება იგი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში...
ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: თუ მავანის ინტერესში შედის, მირიანაშვილიც დაიბრუნებს ქურდული მენტალობით წართმეულ პარტიას, ახალგაზრდა უფლებადამცველებიც მივლენ ფინიშთან ახლოს, მაგრამ ამით ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება - ამ სიყალბეში, ქაოსსა და გაურკვევლობაში კიდევ უფრო დიდი სიჩქარით გავქანდებით უფსკრულისკენ, საიდანაც გამოსვლა დღევანდელი ცნობიერების მატარებელ საზოგადოებას ნამდვილად გაუჭირდება!
სად არის გამოსავალი?!
გამოსავალი სიყალბის მხილებაში და თავისუფალი აზროვნების ადამიანების გაერთიანებაშია, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ მიუღწეველი ნამდვილად არ იქნება!
საბა საბახტარაშვილი