რას პასუხობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბიძინა ივანიშვილს?

რას პასუხობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბიძინა ივანიშვილს?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ მიიღებს მხედველობაში მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი. 

 

"საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას", - ნათქვამია განცხადებაში. 

სადიკოვის განცხადების მიხდევით, ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. ყოველივე ამან განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს. 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს დახმარება ამ სფეროში", - ნათქვამია სადიკოვის განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: