რა შეუძლია მოტივაციას!
ჯოშუა ბეიკერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ელექტროსკამზე დაწვით. დილით საკანში მოვიდნენ, მსაჯულები, მღვდელი, ექიმი და კიდევ რამოდენიმე მოხელე. ყველა რიტუალის შესრულების შემდეგ ფერდაკარგული ბეიკერი იმ ოთახში შეიყვანეს სადაც ელექტროსკამი იდგა. ორმა ზედამხედველმა ხელბორკილები მოხსნა და ჯოშუა დასჯის „ინსტრუმენტთან“ მიიყვანა.
- დაჯექი! - უბრძანა ერთერთმა. ჯოშუა შეეცადა, მაგრამ ვერ დაჯდა, არ ჩაეტია სავარძელში.
- რა ხდება მანდ?- ნერვიულად აიქნია ხელი ციხის უფროსმა, რომელიც მინის ტიხარის მიღმა იჯდა, მომცრო დარბაზში.
- სავარძელში ვერ ეტევა, სერ!
- რატომ? მაგ სკამზე 372 დამნაშავე დავსაჯეთ, უპრობლემოდ! ყველა მშვენივრად ჩაეტია!
- ეს, ძალიან სქელია !
- რამდენი კილო ხარ?- აღრიალდა ციხის უფროსი
- ოოო...ორას ოცდათი ვიყავი... დაჭერამდე...! ძლივს ამოღერღა ცალი ფეხით საიქიოში მყოფმა.
ითათბირეს და გადაწყვიტეს - სიკვდილმისჯილი ჯოშუა ბეიკერი მკაცრ დიეტაზე დაესვათ. გავიდა ერთი თვე... აწონეს. გრამი არ ქონდა დაკლებული. ადგნენ და წყალსა და პურზე დასვეს. ერთი თვის შემდეგ კვლავ აწონეს და ციხის უფროსს კინაღამ კრუნჩხვები დაეწყო... პატიმარს ერთი გრამიც არ მოკლებოდა. სასწრაფოდ მოიწვიეს საუკეთესო ფსიქოლოგები და ფიზიოლოგები. ტუსაღის გამოკვლევის შემდეგ დაინიშნა კონსილიუმი და დაიდო დასკვნა. ციხის სათათბირო დარბაზში ყველა უკლებლივ შეიკრიბა.
- გვითხარით, რა ხდება, რატომ არ იკლებს წონაში ის მძორი? - დასვა შეკითხვა ციხის უფროსმა.
სამედიცინო კომისიის თავმჯდომარე, ცნობილი ფსიქოლოგი წამოდგა, სათვალე გაისწორა და იქ შეკრებილთ გამოუცხადა:
- ეგ წონაში არ დაიკლებს, ბატონებო... მშიერიც რომ ამყოფოთ, მაინც არ დაიკლებს.
- რააატოოომ?!!! - აღრიალდა ისტერიკაში ჩავარდნილი ციხის უფროსი.
მეტისმეტად ინტელიგენტმა მეცნიერმა ჩაახველა და მშვიდად უპასუხა:
- მოტივაცია არ აქვს, სერ! ჯოშუა ბეიკერს სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.
ბეიკერმა ექვს თვეში ასი კილო დაიკლო... ერთ წელიწადში კი 78 კილოგრამს იწონიდა. გავიდა წლები... ჯოშუა გრძნობდა, რომ ციხის სამლოცველოსკენ მიუწევდა გული... ჯერ მხოლოდ შაბათობით ლოცულობდა, შემდეგ სამშაბათსაც... ბოლოს ყოველ დილით, ვიდრე საუზმეზე წავიდოდა.
ერთ წინასააღდგომო კვირას ჯოშუა ბეიკერმა მღვდელთან შეხვედრა მოითხოვა. მოვიდა მამაო და ჯოშუამ ახსარება უთხრა. მღვდელმა დაარიგა, წერილი მისწერე შენს მიერ მოკლული კაცის ოჯახს და პატიება სთხოვე. ისინი გაპატიებენ თუ არა, იმათი საქმეა, მაგრამ შენს ვალს მოიხდი და მადლია.
მისწერა ჯოშუამ წერილი.პასუხი არ მოსვლია. დრო ზლაზვნით გადიოდა... დღეები საუკუნეებივით იწელებოდა - ჯოშუა ბეიკერმა 12 წელი გაატარა ციხეში და ერთ დროს ორასოცდაათ კილოიანი კაცი ძვალი და ტყავი გახდა, დაუძლურდა, ჭამის მადა დაკარგა, ფეხებს ძლივს დაათრევდა... მერე ნეკნის ქვეშ ტკივილი დაეწყო... უძლურდებოდა ჯოშუა ბეიკერი... ღამღამობით ვეღარ იძინებდა, თითქოს დანებით უსერავდნენ მუცელს!..
ექიმმა ყველა ანალიზი წინ დაილაგა, კიდევ ერთხელ გადაათვალიერა ყურადღებით, თავი აწია, პირდაპირ თვალებში შეხედა პაციენტს და განაჩენივით გამოუცხადა:
- ჯოშუა ბეიკერო... შენ კიბო გაქვს... კუჭის კიბო! ჯოშუას ზუსტად ისე დაურბინა ჟრუანტელმა, როგორც თორმეტი წლის წინ, როცა საკანში მთელი „ჯოგი“ შემოვიდა სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოსაყვანად.
ბეიკერმა იმდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, რომ თითქმის დაუმეგობრდა, გაუთამადა კიდეც და ალბათ ამიტომ სწრაფად დამშვიდდა და ისეთი განწყობით იკითხა, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩაო, თითქოს სულ სხვა ვინმეზე იყო ლაპარაკი:
- აბა რა გითხრა? - ხელები გაშალა ექიმმა. კეფა მოიფხანა, მაგიდიდან ფურცლები აალაგა და ჩანთაში ჩააწყო. გასვლისას კერებთან მოტრიალდა, ისე რომ ბეიკერისთვის არც შეუხედავს, თავისთვის ჩაილაპარაკა, როგორც უფალი ინებებს, ისე იქნებაო.
შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით ჯოშუა ბეიკერს, როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფს, შემოდგომაზე გაათავისუფლებდნენ. კომისიის ოთახიდან რეტდასხმული გამოვიდა... აღარ იცოდა ეს შეგრძნება სიხარულისგან იყო გამოწვეული თუ მწუხარებისგან.
- შემოდგომაზე გამათავისუფლებენ! - ფიქრობდა ჯოშუა... ფიქრობდა საკანში, ეზოში, სასადილოში. დედას გავახარებ... თუ შემოდგომამდე ვიცოცხლე, გავახარებ! ხედავ ბეიკერ, ერთხელ შენმა წონამ გიხსნა ელექტროსკამზე დაწვას, მეორედ... მეორედ ღმერთმა განსაცდელად კიბო მოგივლინა... მაგრამ თუ სასიკვდილოდ მიმეტებს დალოცვილი, თავისკენ რატომ მიხმობს , ან რატომღა მიშვებს აქედან?...რაში ვჭირდები მკვლელი?
გადიოდა საათები, დღეები... ჯოშუას მგელივით მადა მოუვიდა , ძალა მოემატა. ძალა რომ მოემატა, ვარჯიში დაიწყო. ჯერ ხელებს და ფეხებს იქნევდა მერე განტელებზე გადავიდა...
შემოდგომით ჯოშუა ბეიკერის გათავისუფლების ბრანება მოვიდა. შიდაგანაწესის თანახმად სამედიცინო კომისია გაატარეს. ექიმმა ყველა ანალიზები გადაამოწმა... კარგა ხანს ათვალიერა... ისევ გადაამოწმა და მხრები აიჩეჩა.
- სახლამდე მივაღწევ? - სიჩუმე დაარღვია ბეიკერმა.
ექიმმა მრავალმნიშვნელოვნად აათვალიერ-ჩაათვალიერა ტუსაღი და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- ამ ზამთარს მე რომ არ დამესვა დიაგნოზი, ვიტყოდი, რომ კოლეგები შეცდნენ... თქვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ ჯოშუა ბეიკერ!
- როგორ?
- აბა რა გითხრათ... ყველაფერი უფლის ნებაა! მოტივაცია ჰქონდა... ეგ მოტივაციაც ხომ უფლის ნება იყო?...
ჯოშუა, მომცრო, თითქმის ცარიელ ჩემოდანს დაწვდა და რატომღაც სინანულის გრნობით დატოვა ციხის ეზო...
- მისტერ, რომელი საათია? ჰკითხა ველოსიპედიანმა თავიდან ფეხებამდე აფროამერიკელმა ბავშვმა. ბეიკერმა მექანიკურად დაიხედა ცარიელ მაჯაზე, მერე ბავშს შეხედა და სიცილი აუტყდა... ბავშვი ადგილს მოწყდა...
- ოცდათოთხმეტი წლის ჯოშუა ბეიკერს მოზღვავებულმა მოტივაციებმა ისე ძლიერად უბიძგა რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ავტობუსის გაჩერებისკენ. იმ საღამოს, დედის დამზადებულ კერძს ისე მშვიდად შეექდეოდა, თითქოს ის ყველაფერი რაც თავს გადახდა, ღამით ნანახი კოშმარული სიზმარი იყო.
თამაზ ჭეიშვილი