ბუნების სიყვარული სიხარბისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ

ბუნების სიყვარული სიხარბისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ

თბილისის წყალდიდობის შედეგები მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, ხოლო მეზობელი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა უანგარო დახმარება შესთავაზა ქართველ კოლეგებს, ისევე როგორც მოსკოვის ზოოპარკმა.

 

თბილისში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას, წყალდიდობას, რომელმაც ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რომელსაც დიდი ნგრევა მოჰყვა, თავისი კონკრეტული ტექნიკური მიზეზები აქვს, რომლებიც ადამიანური სიხარბისა და პროფესიული შეუსაბამობით არიან განპირობებულნი. რა თქმა უნდა, მდინარე ვერეს ხეობის ასე ხელაღებით გადაკეთება არ შეიძლებოდა, ამის თაობაზე აფრთხილებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას სპეციალისტები, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს სიხარბით (პოლიტიკური სიხარბე - ამპარტავნება, რეიტინგის მომატების სურვილი, პლუს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან "მოტეხილი" ფულიც) და პროფესიონალებს ყური არ ათხოვეს.

 

ჯერ-ჯერობით არ არის იმის დრო, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დავადანაშაულოთ 14 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით. მაგრამ განა ნაკლებ სიხარბეს ავლენენ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ე. წ. მცირე ჰესების მშენებლობის საქმეში? განა ისინი დაგიდევენ სპეციალისტების აზრს მსგავს შემთხვევებში? სამწუხაროდ - არა. ხოლო 14 ივნისს ჩვენ ვნახეთ მონდომებული, მაგრამ ნაკლებ პროფესიონალური ქმედებები, ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკიდან გაქცეული რამდენიმე მტაცებელი სამართალდამცველებმა მოკლეს. ესაა ტიპიური არაპროფესიონალიზმი. თურმე, ნუ იტყვით და, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვეფხვი "გაღიზიანებული" იყო და ის "ვერ დაიმორჩილეს". საოცარი იქნებოდა, ვეფხვი რომ სტრესულ მდგომარეობაში არ ყოფილიყო. დედაქალაქის შესაბამის სტრუქტურებს არ აღმოაჩნდათ იმის საშუალება, რომ პირუტყვი დაეძინებინათ, რატომღაც აუცილებელი აღმოჩნდა მისი მოკვლა. კიდევ უფრო გასაოცარია ლომის ბოკვერის, სახელად შუმბას მოკვლა. უფრო სწორად, გასაოცარი სამართალდამცველების არაპროფესიონალიზმია, რომლებმაც უწყინარი ბოკვერი სიცოცხლეს გამოასალმეს. შესაბამისმა სამსახურებმა მხოლოდ გათენებისას დაიწყეს ტრანკვილიზატორების გამოყენება და ცხოველების ამ გზით დაჭერა, მათი დახოცვის ნაცვლად. შინაგან საქმეთა მინისტრმა, უმჯობესია, ჩაიხედოს საქმეში და გაერკვეს, რა ხდება მის უწყებაში და ერთ წინადადებაში ხუთჯერ ნუ იტყვის "ვოილერს" სიტყვა "ვოლიერის" ნაცვლად.

 

ამ უბედურებაში ერთგვარი შვებაა საზოგადოების რეაქცია, რომელიც დიდ თანაგრძნობასა და პრაქტიკულ დახმარებაშიც გამოიხატა. თანაგრძნობა როგორც დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების, ისე საცოდავი ცხოველების მიმართ. თუმცა ზოგმა ისიც კი თქვა, რა ამბავია ამდენი ლაპარაკი ცხოველებზე მაშინ, როდესაც ადამიანები დაიხოცნენო. მიუღებელია ასეთი აზრი. ადამიანი მაშინ არის ადამიანი, როდესაც მას ცხოველები ებრალება და ბუნების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. სწორედ ასეთ ადამიანს თუ შეუძლია სხვა ადამიანების შებრალებაც და მათდამი დახმარების გაწევა. ეს ელემენტარულია და ამის მტკიცება ვაჟა-ფშაველას სამშობლოში საჭირო არც უნდა იყოს.

 

ამიტომ, იმედი დავიტოვოთ, რომ დღევანდელი ტრაგედია გამოაფხიზლებს ხელისუფლებას და მომავალში იგი ასე უდიერად აღარ მოეპყრობა ბუნებას, მოთოკავს სიხარბეს და მეტად იზრუნებს კადრების პროფესიონალურ მომზადებაზე.

 

გულბაათ რცხილაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: