დიახ, პუტინი ჩემი მეგობარია და დაფინანსებას კარასინისგან აბაშიძის დახმარებით ვიღებ!

დიახ, პუტინი ჩემი მეგობარია და დაფინანსებას კარასინისგან აბაშიძის დახმარებით ვიღებ!

ამ რამდენიმე დღის წინათ For.ge-ს ჟურნალისტმა, ქ-ნმა ლალი ზირაქიშვილმა დამირეკა და მკითხა: ვადასტურებ თუ არა „ექსპრეს-ნიუსში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ „ივერიონი არის რუსეთიდან დაფინანსებული მედია-ორგანიზაციის „საქართველო და მსოფლიოს“ (geworld.ge) პარტნიორი და ვართ თუ არა ჩვენ პრორუსული ორიენტაციის საინფორმაციო სააგენტო.

მინდოდა მეთქვა: „დიახ, პუტინი ჩემი მეგობარია და დაფინანსებას უშუალოდ კარასინისგან ვიღებ აბაშიძის დახმარებით-მეთქი“, მაგრამ ზირაქიშვილს პირადად ვიცნობ, ვაფასებ მის პროფესიონალიზმსაც და აქედან გამომდინარე, საუბარი იუმორის სტილში არ გადამიყვანია.

ეს ჟურნალისტური სიცრუე-აბდაუბდა (შავ პიარს ვერ დავარქმევ, რადგან ამასაც ოსტატობა სჭირდება) გაცილებით ადრე მქონდა წაკითხული, მაგრამ ჩემთვის იმდენად ღიმილისმომგვრელი აღმონდა, გამოხმაურების ღირსადაც არ ჩავთვალე...

ანალოგიური „წკიპურტები“ „ივერიონის“ და პირადად ჩემს მიმართ ადრეც ყოფილა, ოღონდ კომენტარების სახით. განსაკუთრებით მაშინ მესხმოდნენ თავს, როცა საუბარი ქართული იდენტობის დაცვას (ანტიდისკრიმინაციული კანონი, კაზანტიპის ფესტივალი, საყდრისი) ეხებოდა.

ბევრს ჩემგან დღევანდელი ხელისუფლების ობიექტური (საქმიანი) კრიტიკაც აღიზიანებს და თუ მსგავსი რამ წამომცდა, უცებ პრორუსული ორიენტაციის მედია-საშუალების და პრორუსული ცნობიერების იარლიყს მომაკერებენ ხოლმე!

მოდით, ისევ თვითმარქვია ჟურნალისტების ნატა ძველიშვილის და თაზო კუპრეიშვილის „კვლევა“-ს დავუბრუნდეთ:

აღნიშნულ „კვლევაში“ „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“ „ივერიონს“ „ივერონის“ ტყუპისცალად მოიხსენიებენ და რადგან თავის დროზე ამ უკანასკნელს მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი მინდია გულუა აფინანსებდა, მარტივად ასკვნიან, რომ „ივერიონიც“ მისი პატრონაჟით გამომავალი მედია-საშუალებაა.

ალბათ იმიტომ, რომ განსხვავება მათ შორის მხოლოდ ერთ ხმოვანშია, ორივე თითქმის ერთნაირად ჟღერს და მითუმეტეს, ორივე მათგანი ჩემი ხელდასხმით გამოდიოდა და გამოდის!.

მე ნამდვილად არ ვიცი, ვის რა პრეტენზია აქვს მინდია გულუაზე და რატომ არ აძლევენ მას დღემდე საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ თავის დროზე „ივერიონის“ ხელმძღვანელობა სულაც არ მიმაჩნია პრორუსული ორიენტაციის უტყუარ ნიმუშად!

ადრეც მითქვამს და კიდევ  ვიმეორებ: „ივერონი“, რომელიც სახელდახელოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართული ობიექტური მედია-საშუალების ჭეშმარიტი ნიმუში იყო - იგი ბოლომდე აშიშვლებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ბუნებას, თუმცა კრიტიკის მახვილი ხანდახან „ქართული ოცნებისკენაც“ იყო მიმართული. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ანალიტიკური ხასიათის სტატიებში, სადაც საუბარი იყო, თუ რა ზიანის მოტანა შეეძლო ოლიგარქის შემოსვლას პოლიტიკაში და რამდენად ოპტიმალურად იყო შერჩეული კოალიციის გუნდი...

მიუხედავად იმისა, რომ არც მოქმედი ხელისუფლება გვწყალობდა (პირიქით, ყოველთვის იყო იმის მოლოდინი, რომ დაგვარბევდნენ) და არც მაშინდელი ოპოზიცია, „ივერონი“ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში (იგი შემდგომშიც ფუნქციონირებდა) ბოლომდე დარჩა ობიექტური პრესის პრინციპების ერთგული (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამაში „ივერიოის“ დამფუძნებლის მინდია გულუას დამსახურება იყო, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში საერთოდ არ ერეოდა, მითუმეტეს, არანაირ პოლიტიკურ დაკვეთას არ იძლეოდა).

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩემთვისაც ბევრი რამ გადაფასდა და მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა „ივერონი“ (რომელიც საკუთარი შვილივით გამოვზარდე და ერთ-ერთ კონკურენტუნარიან მედია-საშუალებად ვაქციე).

რაც შეეხება „ივერიონს“, ეს სახელწოდება ზუსტად „ივერონის“ გავლენით შეირჩა, მაგრამ, ღმერთია მოწმე, არანაირი კავშირი ამ უკანასკნელთან არა აქვს - მითუმეტეს, „ივერიონის“ უკან არასდროს არ მდგარა მინდია გულუა და დღემდე არც ერთი თეთრი არათუ რუსებისგან, არამედ, არც ქართველი ბიზნეს თუ პოლიტელიტისგან არ მიგვიღია.

მეტიც, ფინანსური პრობლემების გამო სააგენტოს ჩამოყალიბებული სარედაქციო ჯგუფიც არ ჰყოლია და თუ რამეს ვახერხებთ, ეს მხოლოდ თითო-ოროლა ენთუზიასტების ხარჯზე!

სამწუხაროდ, ჩვენმა ცდამ, ადგილზე მოგვეძებნა პარტნიორი ბიზნეს-სექტორის ან პოლიტდაჯგუფებების სახით, ჯერჯერობით მიზანს ვერ მიაღწია. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დღესდღეობით, ობიექტურ მედია-საშუალებაზე მოთხოვნილება არ არის!..

...ახლა ისევ ნატა ძველიშვილის და თაზო კუპრეიშვილის „აღმოჩენას“ დავუბრუნდები. ისინი „ივერონის“ პრორუსულობას იმით ამტკიცებენ, რომ ხანდახან ჩემი სტატიები იბეჭდება „Geworld.ge“-ს ვებ-გვერდზე. ამის დასტურად მოჰყავთ ერთ-ერთი სტატია „იმპერიული რუსეთი თუ ლგბტ-სკენ მიმავალი დასავლეთი“. თვითმარქვია ჟურნალისტები (რომლებიც დარწმუნებული ვართ, დასავლური გრანტებით არიან განებივრებულნი) ასკვნიან, რომ მე, რადგან ლგბტ-სკენ მიმავალ დასავლეთს რუსეთი მირჩევნია, აუცილებლად პრორუსული ორიენტაციის უნდა ვიყო, მე რადგან რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობის მომხრე ვარ, დღე და ღამე რუსული ჩექმა მენატრება.

საიდან ფინანსდება „ივერიონი“ ან რუსეთის რომელ სატელიტმედია ორგანიზაციას უზის წილში? - დაახლოებით ასეთ კითხვას სვამენ მავანის დაკვეთით შეგულიანებული ჩიტირეკია ჟურნალისტები, მაგრამ ვერ აკონკრეტებენ, რამდენი გვერგო ჩვენ 2015 წლის თებერვალში „რუსული სამყაროს“ და „როსტელკომი“-ს მხრიდან ქართული ონლაინ დაელექტრონული მედიის დასაფინანსებლად გამოყოფილი 5 მილიონიდან!

შეგეშალათ გრანტიჭამია ვითომ ჟურნალისტებო: სხვებს წილში როგორ ჩავუჯდები, როცა პუტინი ჩემი მეგობარია და დაფინანსებას უშუალოდ კარასინისგან აბაშიძის დახმარებით ვიღებ!

ნამდვილად არ მეგონა სიტყვა „რუსეთის“ ხსენება და დღევანდელი ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა პრორუსულობას თუ ნიშნავდა. თუმცა, არც ისეთი „პროდასავლური“ მინდა ვიყო, როგორი პროდასავლურობაც დღეს მოდაშია - მე საქართველოსთვის ჭეშმარიტი, ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების პატივისმცემელი პარტნიორი მჭირდება და არა ორიენტაციაშეცვლილი, ლგბტ-სკენ მიმავალი დასავლეთი.

ზაურ ნაჭყებია


 

http://damoukidebloba.com/assets/up-modul/uploads/pdf/media%20da%20NGO-2.pdf

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: