biletebi.ge-ს ერთ-ერთი მფლობელი შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა
biletebi.ge-ს წილის 60 პროცენტის მფლობელი შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით მიზანდარია. თანამდეობრივი დეკლარაციის და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დავით მიზანდარი 2008 წლიდან 2015 წლის 7 აპრილამდე შპს ელ.ბილეთების (იგივე Biletebi.ge) დირექტორი იყო, ხოლო 7 აპრილიდან იგი დირექტორის თანამდებობაზე ლევან მიზანდარმა შეცვალა, რომელიც წილს არ ფლობს. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს იგი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა.
დარჩენილი 40 პროცენტის მფლობელი გიორგი ჩხიკვიშვილია. დავით მიზანდარს დეკლარაციაში ასევე მითითებული აქვს, რომ საწარმოს საქმიანობით 2014 წელს 56095.78 ლარი შემოსავალი აქვს მიღებული.
Biletebi.ge-ს 22 ივნისს უეფას სუპერთასის მატჩის (ბარსელონა VS სევილია) ბილეთების რეალიზაცია უნდა განეხორციელებინა ონლაინ რეჟიმში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ვებგვერდზე თავდაპირველად გაჩნდა შეტყობინება, რომ საიტზე კიბერშეტევა ხორციელდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო საიტმა. გუშინ, 23 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უეფას biletebi.ge-სთან გაფორმებული კონტრაქტი არ გაუწყვეტია და პრობლემის აღმოსაფხვრელად 48 საათის მისცა, რომელიც ხუთშაბათს იწურება. მისივე თქმით, კონტრაქტი ზემოხსენებულ კომპანიასთან უეფამ გააფორმა და არა ფეხბურთის ფედერაციამ.
წყარო: „ნეტგაზეტი“