რატომ გვამუნათებს ხათუნა ლაგაზიძე და რა უნდა გვასწავლოს საბერძნეთის რეფერენდუმმა?

რატომ გვამუნათებს ხათუნა ლაგაზიძე და რა უნდა გვასწავლოს საბერძნეთის რეფერენდუმმა?

ქართული მედიის მიერ ექსპერტად აღიარებული ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე გასულ კვირას სოციალურ ქსელში დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ჩამოშორება საქართველოს ევროპულ მომავალს დაანგრევს - თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სსფ, მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გაგვინაწყენდება და ქვეყანა მკაცრი დილემის წინაშე დადგებაო!

სხვათაშორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ვერდიქტით შეშინება ჩვენთვის ახალი არ არის - ასე გვაშინებდნენ სულ, როცა მათი მისამართით საზოგადოების გარკვეული წრეებიდან უკმაყოფილება წამოვიდოდა, ან მათი რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე დაიწყებოდა საუბარი.

კარგია, როცა გიჭირს და დახმარებას გიწევენ, რომ მოსალოდნელ უბედურებას დააღწიო თავი, მაგრამ ცუდია, თუ ამ „დახმარებას“ ისეთი „შეუვალი“ (შესწორებას დაუქვემდებარებელი) ინსტრუქცია მოჰყვება, რომელიც სახრჩობელასავით ყელზე შემოგეხვევა და გადარენის შანსს არ გიტოვებს.

მითუმეტეს, ორმაგად ცუდია, თუ მათ რეკომენდაციებს ფულზე და მაქსიმალურ კომფორტზე დახარბებული საკუთარი ხელისუფლება „უმაგრებს“ ზურგს!!!

საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად დაგვანახა, რომ შენი „ფინანსური მეგობარი“, თურმე, სულაც არ არის მეგობარი! მართალია, ბერძნებმა კარგად „მიირთვეს“ საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების მიერ გულუხვად ბოძებული მილიარდები, მაგრამ ბოლოს მაინც ყელში გაეჩხირათ და ვერ მოინელეს - სახელმწიფო დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა.

რომ არა წინასწარ დაგეგმილი ავანტიურა, რომლის მიზანი სწორედ დღევანდელი რეალობის შექმნა იყო, კრედიტორების მოთხოვნა სამართლიანია...

საბერძნეთის რეფერენდუმით მიღებული შედეგი - არა კრედიტორების მოთხოვნას - შეიძლება ქვეყანას სიკვდილ-სიცოცხლის ფასად დაუჯდეს!

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელადის დღევანდელ უკომპრომისო პოზიციას შეუძლია „ამძრავი ღვედის“ ფუნქცია შეასრულოს და საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებზე დამოკიდებული ქვეყნების გამოფხიზლებას შეუწყოს ხელი!

ბერძენი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას დადებითად აფასებენ მართლმადიდებლობის ციტადელის - ათონის მთაზე მოღვაწე ბერები. ისინი გრძნობენ მოახლოებულ საშიშროებას, რომელიც შეიძლება მოჰყვეს რეფერენდუმის შედეგებს კრედიტორთა მხრიდან, თუმცა მიაჩნიათ, რომ სულის (ქვეყნის) გადასარჩენად ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. „სჯობს მშიერი მოვკვდეთ და სული გადავარჩინოთ, სჯობს თავისუფლები ვიყოთ, ვიდრე სხვის მონობაში გავაგრძელოთ ცხოვრება“ - დაახლოებით ასეთია ელადის სასულიერო პირთა პოზიცია.

ბერძნების პროტესტმა კრედიტორების მიმართ რადიკალურად შეცვალა ევროზონისადმი დამოკიდებულება. ეს პირდაპირ აისახა თვით ევროზეც, რომელიც პოზიციებს თანდათან კარგავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირისადმი კრიტიკული დამოკიდებულება შეიძლება გადამდებიც აღმოჩნდეს ევროზონაში შემავალი სხვა ქვეყნებისთვისაც!


რატომ აღმოჩნდა კერკეტი კაკალი გიორგი ქადაგიძე?!

მტკიცება არ სჭირდება, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ჩამოშორების ინიციატივა არსებითად „ნაციონალების“ გაწრთვნილ და მათივე ინტერესების გამტარებელ „კერკეტ კაკალს“ - გიორგი ქადაგიძეს უკავშირდება. მან იმდენად შეუზღუდავად გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები ლარის კურსის დევალვირებისთვის, რომ ქადაგიძის გასანეიტრალებლად „ოცნებას“ სხვა მექანიზლები არ დარჩა!

არა აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილს მისი შენარჩუნება ზემოდან უბრძანეს თუ თხოვეს, ყოველ შემთხვევაში, ძვრა რომ ვერ უყვეს, ცხადია...

ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რადგან ცხენს (ამ შემთხვევაში ქადაგიძეს) ვერ ერევიან, უნაგირს ამტვრევენ (საბანკო ზედამხედველობის სამსახურს ეროვნული ბანკისგან აცალკევებენ), რომ მაქსიმალურად შეზღუდონ მოქმედი პრეზიდენტის უფლებები. თუმცა, როგორც ირკვევა ამ გადაწყვეტილებით, თურმე, ორი კურდღლის დაჭერა ყოფილა შესაძლებელი - საბანკო საქმის ექსპერტები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოშორდეს, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან ალიანსში არ შევიდეს და მთავრობას გააჩნდეს კომერციული ბანკების საქმიანობის მონიტორინგის საშუალება.

აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძის უარყოფითი დამოკიდებულება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან ჩამოშორებასთან დაკავშირებით. გასაგებია ისიც, თუ რატომ შეიძლება გავაღიზიანოთ ამ გააწყვეტილებით სსფ, სავალუტო ფონდი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და რატომ შეგვიშლის ეს ხელს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

საბერძნეთის მაგალითი უტყუარი დასტურია იმისა, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების რეკომენდაციების უსიტყვო შესრულებას!

ნათქვამია, წინა კაცი უკანას ხიდიაო. შეიძლება ამის პერეფრაზირება ამჯერად სახელმწიფოებზე მოვახდინოთ - საბერძნეთის მაგალითმა ჩვენც ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს - საზოგადოებამ ახლა მაინც უნდა გამოიბერტყოს ყურები და აწონ-დაწონოს: რა მოგვცეს, რისთვის მოგვცეს და შედეგად რა მივიღეთ, ან საბოლოოდ რას მივიღებთ!

აქვე ლოგიკურად ისმება კითხვა: აქვს თუ არა ჩვენს ხელისუფლებას საზოგადოებისგან იმხელა ნდობის მანდატი, რომ ერისთვის სასიციცოხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტის უფლება მივცეთ?!

ხომ არ არის დრო გადავიდეთ ღია დისკუსიაზე და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, რომ ხვალ-ზეგ საბერძნეთის დარად მკაცრი დილემის წინაშე ჩვენც არ აღმოვჩნდეთ?

რაც შეეხება „კერკეტ კაკალს“ (ქადაგიძეს), მან „ქართულ ოცნებას“ თითი მოაკაკვინა. გასდის და აკეთებს!

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: