მე, შოპენჰაუერი და... სირიელი ბიჭი

მე, შოპენჰაუერი და... სირიელი ბიჭი

უნივერსიტეტი. პირველი თუ მეორე კურსი. ეთიკისა თუ ფილოსოფიის ლექციაზე ვზივარ და ბუნებრივია, ახლანდელზე მეტად მორცხვი და მორიდებული ვარ ;). რა აქტიურობა და ინიციატივა, გამოცდებამდე ხმის ამომღები არ ვიყავი. ჰოდა, ახლაც ვზივარ ჩემთვის უშფოთველად. თან აი, ის მომენტია, ჩემნაირებს კომფორტს რომ უქმნის: ლექტორი ლაპარაკობს, მე ვუსმენ. რა ვიცი, იმ მომენტში შეიძლება არც ვუსმენდი, მაგრამ ისე დაიძაბა ვითარება, იძულებეული გავხდი, მომესმინა. რაო და, რატომ განვიცდით სხვათა მიმართ სიბრალულსო, იკითხა ლექტორმა. გავატარე! ნუ, როგორც მოსალოდნელი იყო, ზეაქტიურმა ჯგუფელებმა „თავი გამოიჩინეს“, ხან ესაო, ხან ისაო, დაიყარა ვერსიები... მაგრამ, არა და არაო, ქოში უკუღმა ჰყარა ქალბატონმა მომხსენებელმა. რატომ გვეცოდება თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც რაღაც უჭირსო, დააკონკრეტა თუ გაამარტივა ამოცანა. მეორე წრეზე წავიდა კითხვა-პასუხი... კვლავ უშედეგოდ. რაღაცნაირი საბედისწერო სიჩუმე ჩამოწვა წამიერად. ალბათ წამზე მეტხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩაიშალა, დააირღვა, თითქოს მეხი გავარდა ცაზე... იმიტომ, რომ ამ ყველაფრის „ავტორი“ მე ვიყავი! პასუხისთვის ნებართვა არ მითხოვია, პირდაპირ დავარღვიე აუდიტორიისა და საკუთარი მდუმარება (სიმორცხვეც ;)) და ვთქვი: „იმის შეგრძნება, რომ ხვალ შეიძლება თავად აღმოვჩნდე იგივე მდგომარეობაში, სიბრალულს იწვევს ჩემში! ანუ, საკუთარ თავს მის ადგილას წარმოვიდგენ და...“

 

პაუზა... სრული სიჩუმე აუდიტორიაში... და მოლოდინი...

 

„აი, ახლა შოპენჰაუერი ცოცხალი რომ იყოს და ეს მოესმინა (აქ ხომ წარმოგიდგენიათ, რას აღარ გავიფიქრებდი ;) ), - სერიოზული სახით ამბობს ლექტორი, -- მოვიდოდა და... გაკოცებდა!“, -- გაბრწყინებული სახით ამთავრებს.

 

ისე შემრცხვა, ლამის ვინანე, საერთოდ ხმა რატომ ამოვიღე-მეთქი. იმის მერე რაზე ილაპარაკა ქალბატონმა, საერთოდ აღარ მახსოვს, არ მომისმენია და იმიტომ. რაღაცნაირად დამაფიქრმა მომხდარმა... შოპენჰაურზე ჩავფიქრდი ;) ეს ამბავი სულ მახსოვს და იმიტომ არა, რომ ლექტორს კომპლიმენტი „გამოვტყუე“, შოპენჰაუერს კი ლამის კოცნა ;), უბრალოდ, ბევრჯერ დავფიქრდი იმაზე, ასე რომ ვიფირიქრე, ანუ სწორად ვიფიქრე თუ არა. თან რაღაცნაირად სახალისოცაა. :)

 

მართალია, რაც აქამდე დავწერე, სულ "ღიმილებით" გავაფორმე, მაგრამ ეს ამბავი რატომაც გავიხსენე სრულიად არ შეესაბამება ამ შესავლის განწყობას. მოკლედ, ამჯერად იმ 3 წლის ბიჭუნას სიკვდილმა გამახსენა, გუშინ თითქმის მთელი სამყარო რომ შეძრა. მომხდარი უბედურებით გამოწვეული ემოცია გასაგებია, მაგრამ რამდენად შესწევს ადამიანს ძალა ან რამდენად სურს, უბედურება  სხვებს ააცილოს თავიდან? ეს მაინტერესებს და მაფიქრებს ხშირად. მთავარი ეს არის, თორემ სიბრალულის გამოხატვას მართლაც რა უნდა?! არც ის მეეჭვება, რომ იმათაც აქვთ ეს  გრძნობა, ვინც უბედურების შეჩერების ბერკეტებს ფლობს, მაგრამ არაფერს აკეთებს საამისოდ.  და, აჰა, აგერ ერთ კადრში ჩაჭერილი კატასტროფა, უბედურება და აგერ ჩვენ, დანარჩენი სამყაროს საღად, პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი! მე შეძრული ვარ და ისევ დავფიქრდი: რამდენად სწორად ვიფიქრე ოდესღაც სიბრალულის არსზე და, რას იტყოდა ახლა შოპენჰაუერი?!

 

მხოლოდ სიბრალული, შეცოდება რას აკეთებს. ან რა ძალა აქვს გლობალური ძალმომრეობის ფონზე ჩემს განცდებსა და ადამიანურ სოლიდარობას თუნდაც იმ ბავშვებისადმი, რომელიც სასიკვდილოდ გაწირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ამბიციამ ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი საზღვარი გადაგლიჯა... ასეა, ზედმეტმა ძალაუფლებამ თავბრუსხვევა და უნებური მოქმედება  იცის -- მისი აგრესიული ინერციაა უმწეო ბავშვთა სიცოცხლესაც კი რომ ფეხქვეშ თელავს და ამღვრეული ზღვის ტალღებში  აბრუნებს. ... და მერე, დანარჩენი მსოფლიო, რატომ დუმს ამაზე, მსოფლიო ლიდერები რომ ჰქვიათ, რას აკეთებენ ამის ასაცილებლად? როცა პირდაპირ თუ ირიბად თავად ხარ ამ უბედურების „შემოქმედი“, რა განცდაა ნეტა? მართალია, თვალით ხილულზე თვალის დახუჭვას ახერხებენ, მაგრამ მაინც მინდა მათ თვალებში ჩახედვა. რა იგრძნო მათმა სულმა, როდესაც მათმა თვალებმა დაღუპული ბავშვის ამქვეყნად არსებობის უკანასკნელ კადრს შეხედა! რა იგრძენით? რას გრძნობთ?

 

გრძნობა ხომ ყველაზე დიდი განცდაა. მისი სიდიდე არც ინტელექტით, არც წარმომავლობითა და არც მდგომარეობით არ განისაზღვრება, ის ინსტინქტია! თუ მას გონების ხვეულებში გამოატარებ „თანა“ ემატება, ანუ თანაგრძნობა ხდება -- ეს კი წმინდად ადამიანური განცდა მგონია და ალბათ, ამიტომაც არის ასეთი იშვიათი...

 

ნატო, ევროკავშირი და ყველა სამხედრო თუ სამოქალაქო გაერთიანება მთელი თავისი იდეოლოგიური შემართებისა თუ ზემძლავრი იარაღის ფლობის მიუხედავად უძლურია 3 წლის სირიელი ბავშვის უსულო სხეულის წინაშე!

 

ეს ორგანიზაციებიც ხომ ადამიანებისგან შედგება, თქვენ არ ხართ, ბევრ კარგსაც რომ ქმნით და მერე ამ კარგის დამკვიდრებისთვისაც იბრძით? რატომ ვერ დაიცავით ამ ბავშვის სიცოცხლე? მისმა მშობელმა ხომ ის იმ ომს გამოარიდა, თქვენ რომ გააღვივეთ? სიცოცხლისა და არა კეთიდღეობისთვის გაიბრძოლეს. თავისუფალო ევროპავ, ის თავისუფლების მაძიებელი  ბიჭუნა კარზე რომ მოგადგა და მოგიკაკუნა, შენ რა გააკეთე? წაუყრუე თუ მისმა პაწაწინა ხელით ჩამოკრულმა ზარმა შენს ყურამდევერ მოაღწია?  აღიარეთ, თქვენ დამარცხდით ყველაზე სამარცხვინო დამარცხებით -- რადგან არ აღმოგაჩნდათ ნება, დაიცვათ და გადაარჩინოთ სიციცხლე! თავისუფლებაც ფუჭი იდეალია, ადამიანი და მისი სიცოცხლე ისევე არაფერი ყოფილა, როგორც ოდესღაც კუნძულ  ენივეტოკზე ბირთვული ბომბის გამოცდა არ წარმოადგენდა რაიმე პრობლემას. ახალი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში სისასტიკემ, გულგრილობამ მშრალი ანგარიშით გაგანადგურათ. ვერ გრძნობთ ამას, ცოდვისა და დანაშაულის სიმძიმე არ გამძიმებთ, თუ დანაშაულს მხოლოდ პერსონალურ ასპექტში განიხილავთ?  

 

მე თავზე ცის ჩამოქცევა ვიგრძენი, სული ამიჯანყდა და გულისცემა გამექცა მაშინ, როცა ტკივილისგან უნდა გაჩერებულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა, საერთოდ ასე არ ხდება ხოლმე,  უკიდეგანო უბედურებასაც კი უძლებს ჩვენი ფსიქიკა და ფიზიონომია. და მერე ცხოვრებაც ჩვეულებრივად გრძელდება თავისი სიხარულებით, გონებიდან ფერმკრთალდება საშინელი კადრები, მერე ვივიწყებთ, ცხოვრებას ვაგრძელებთ იმ უაზროდ გაწირული ადამიანის გარეშე და თითქოს სამყაროც ისეთივეა, როგორც გუშინ იყო. ერთით მეტი ან ერთით ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს... თითქოს არც ყოფილა.

 

მეც მოვიტყუებ თავს, შენც, ისიც... ვიქნებით კვლავ ბედნიერნი. მე კვლავ ჩემს საქმეში გადავეშვები, თქვენ გლობალურად შეეჭიდებით პრობლემას სახელად ტეროროზმი რომ ჰქვია და მერე მეც და თქვენც მართალკაცობის „ამბავში“ ბევრ საინტერესოსა და გულშიჩამწვდომ წინადადებას, იდეას წამოვაყენებთ! მე დავრჩები იდეალისტად, თქვენ, თქვენ მსოფლიოს მაჯისცემის დამთვლელად, მისიონერებად მიზნით: იხსნათ, დაიცვათ კაცობრიობა ტერორიზმისა და ძალმომრეობისგან, დაამყაროთ მშვიდობა და სამართლიანობა. ლამაზად ჟღერს და ალბათ, ასეთი სამყარო სანახავადაც მშვენიერი იქნება, ბოლოს და ბოლოს, რაღამ უნდა დაამახინჯოს, გვამებს ხომ მიწის ზემოთ არ ტოვებენ?!

 

თეა ბარამაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: